ფიდეს მოქმედი პრეზიდენტის, გეორგიუს მაკროპულოსის სიტყვა გახსნის ცერემონიალიდან
27 სექტემბერი 2018
ფიდეს მოქმედი პრეზიდენტის, გეორგიუს მაკროპულოსის სიტყვა გახსნის ცერემონიალიდან

ძვირფასო მეგობრებო ჭადრაკის სამყაროდან,

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადაზე!

ძვირფასო ქართველო მეგობრებო! გახსნის არაჩვეულებრივ ცერემონიალს გილოცავთ!

დარწმუნებული ვარ, საორგანიზაციო კომიტეტი ყველაფერს გააკეთებს, ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო საჭადრაკო ოლიმპიადა რომ მივიღოთ.

უკანასკნელი თვეების მანძილზე არაერთხელ ვთქვი, რომ ფიდესთვის ახალი ეპოქა დადგება! დღეს ქართველმა ორგანიზატორებმა ამ მიზანთან მისაახლოებლად ერთი დიდი ნაბიჯი გადადგეს! თუმცა ყველამ ერთად კიდევ ბევრი ნაბიჯი უნდა გადავდგათ, რათა მივიღოთ ის, რაც ჭადრაკს წაადგება და რაც უკეთესია ფიდესა და 189 ეროვნული საჭადრაკო ფედერაციისთვის!

საქართველო ისეთი ლეგენდარული მოჭადრაკეების ქვეყანაა, როგორებიც არიან ნონა გაფრინდაშვილი და მაია ჩიბურდანიძე. ისინი 29 წლის მანძილზე ფლობდნენ ქალთა მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს. დამოუკიდებელი საქართველო ოთხი ოლიმპიადის გამარჯვებულია. ბათუმში კი მსოფლიო და ევროპული დონის ტურნირები უკვე 20 წელია, იმართება, რისთვისაც მსურს, მადლობა გადავუხადო ჩემს არაჩვეულებრივ მეგობარს, ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტს, ზურაბ აზმაიფარაშვილს.

უნდა აღინიშნოს, რომ ოლიმპიადის დონე, რა თქმა უნდა, მწვერვალია. ყველაფერი ეს საკუთარი გამოცდილებიდანაც ვიცი. 1984 და 1988 წელს საბერძნეთში ჩატარებული ოლიმპიადების ორგანიზატორი გახლდით და ეს მოგონებები კვლავ ნათლად მახსოვს - ისიც ვიცი, რომ ოლიმპიადის გამართვისთვის სახელმწიფო მხარდაჭერაა აუცილებელი. ვფიქრობ, ყველამ დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და მეცენატ ბიძინა ივანიშვილს! ასევე უნდა გამოვხატოთ მადლიერება საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მიმართ.

თითოეული საჭადრაკო ოლიმპიადა გვახსენებს ჩვენს ოლიმპიურ ოცნებას, რომ ჭადრაკი ერთ დღესაც ოლიმპიური თამაშების სიაში მოხვდება. ფიდე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრი გახლავთ და მადლიერნი ვართ იმ მაგალითებისა და მითითებებისთვის, რასაც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი გვაძლევს სახელმწიფო მართვის ხარისხისა და პოლიტიკურად და ფინანსურად დამოუკიდებელი ფიდესთვის.

ოლიმპიური დევიზია “Citius, Altius, Fortius”! „უფრო სწრაფად, უფრო მაღლა, უფრო ძლიერად“! ფიდეს დევიზი კი „Gens Una Sumus”-ია - ჩვენ ერთი ოჯახი ვართ! მოდით, გავერთიანდეთ, ვიბრძოლოთ უკეთესი მომავლისთვის, ჩვენი თამაშისთვის, საჭადრაკო დაფებს მიღმა და საჭადრაკო დაფებთან, ჩვენი ეროვნული ფედერაციებისა და ჩვენი საერთაშორისო საჭადრაკო ფედერაციისთვის!

ეს უნდა იყოს ჩვენი მიზანი. ფიდემ, ეროვნულმა საჭადრაკო ფედერაციებმა, მოჭადრაკეებმა, ყველამ უნდა მოვითხოვოთ ის, რაც საუკეთესოა ჩვენი სპორტისთვის, ჩვენი თამაშისთვის და ფიდეს მსოფლიო იმიჯისთვის. ამ ბრძოლაში კარგად ვართ შეიარაღებულნი! ცნობილი ჭადრაკის ჩემპიონები, ახალი ტექნოლოგიები, ჭადრაკი სკოლებში და, რასაკვირველია, ეროვნული ჭადრაკის ფედერაციები, რომლებიც თავდაუზოგავად და ღირსეულად შრომობენ თავიანთ ქვეყნებში ჭადრაკის განვითარებისთვის!

ეს ნიჭი უნდა გამოვიყენოთ, სწორი სვლები უნდა გავაკეთოთ და გპირდებით, უპირატესობა გვაქვს ოცნების ასახდენად და მიზნის მისაღწევად - ახალი ეპოქა ფიდესთვის, ფიდესთვის, რომელიც ჭადრაკის ოლიმპიურ ბედისწერას რეალობად აქცევს, ფიდესთვის, რომლის წევრობაც ყველასთვის საამაყო იქნება, ყველა იამაყებს საკუთარ ქვეყანაში წარმოადგინოს ჭადრაკი, იამაყებს საკუთარი ძლიერი, აქტიური და დამოუკიდებელი ხმით!

 თამაშებს გახსნილად ვაცხადებ - ვიზეიმოთ 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა!