ესკ: ზურაბ აზმაიფარაშვილი პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატია
4 ივლისი 2018
ესკ: ზურაბ აზმაიფარაშვილი პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატია

ევროპის საჭადრაკო კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედ პრეზიდენტს ზურაბ აზმაიფარაშვილს და მის გუნდს კონკურენტი არ ჰყავს.

ესკ-ის პრეზიდენტის კანდიდატურის წარდგენის ვადა გუშინ საღამოს ამოიწურა. ფიდე-ს, ესკ-ის და კონტინენტური ფედერაციების საპრეზიდენტო არჩევნებს ბათუმი 23 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით, 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის მსვლელობისას უმასპინძლებს.

ზურაბ აზმაიფარაშვილმა ევროპის საჭადრაკო კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებში 2014 წელს, ნორვეგიის ქალაქ ტრომსიოში გაიმარჯვა. მის კანდიდატურას 33-მა დელეგატმა დაუჭირა მხარი, ბულგარელმა ოპონენტმა სილვიო დანაილოვმა კი 18 ხმა მიიღო. მეორე ვადით არჩევის შემთხვევაში ზურაბ აზმაიფარაშვილი 2022 წლის ჩათვლით დარჩება ევროპული ჭადრაკის მმართველი ორგანიზაციის სათავეში.

„ზურაბ აზმაიფარაშვილის პრეზიდენტობის 4 წელიწადი გამორჩეული იყო კარგი მართვით, გამჭვირვალობითა და კორუფციის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლით, მათ შორის მკაცრი სანქციებით. მომდევნო 4 წელიწადში კი ჩვენი გუნდის მთავარი გამოწვევა ესკ-ის ისეთ ორგანიზაციად ჩამოყალიბებაა, რომელზეც დამფუძნებლები ოცნებობდნენ“, - ნათქვამია ბერძენი ტოდოროს ჯორბაზოღლუს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.
ბერძენი ფუნქციონერი ზურაბ აზმაიფარაშვილის გუნდის წევრი და ესკ-ის გენერალური მდივნობის კანდიდატია. მის გარდა გუნდში შედიან: ისლანდიელი გუნარ ბიორნსონი (პირველი ვიცე-პრეზიდენტი), ლატვიელი დანა რეზნიცე-ოზოლა (ვიცე-პრეზიდენტი), ავსტრიელი იონას პოკშტაინერი (ვიცე-პრეზიდენტი) და რუმინელი იონ-სერბან დობრონატეანუ (ხაზინადარი).

ზურაბ აზმაიფარაშვილი ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატად საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი გიორგაძემ მარტის მიწურულს, ბათუმში გამართულ ევროპის ვაჟთა ინდივიდუალური ჩემპიონატის მსვლელობისას წარადგინა.

 

2018 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი