აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე - სულხან ღლონტი
4 ოქტომბერი 2018
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე - სულხან ღლონტი
  • რას ნიშნავს ჭადრაკი საქართველოსთვის?

საქართველო თამამად, შეგვიძლია ვთქვათ უდიდესი საჭადრაკო ტრადიციებისა და გამოცდილების ქვეყანაა. ჩვენმა ქალმა მოჭადრაკეებმა ნონა გაფრინდაშვილმა, მაია ჩიბურდანიძემ, ნანა ალექსანდრიამ, ნანა იოსელიანმა და ნინო გურიელმა მთელი ეპოქა შექმნეს ჭადრაკის ისტორიაში. სწორედ, მათი დამსახურებით საქართველო 30 წლის მანძილზე მსოფლი ჩემპიონის ტიტულს ინარჩუნებდა, რაც უდიდესი პატივია, როგორც ჩვენთვის ასევე, ჩვენი მომავალი თაობისთვის. ჩვენმა ჭადრაკის დედოფლებმა საქართველო მთელ მსოფლიოს გააცნეს. ტრადიციებს წარმატებით აგრძელებენ ჩვენი თანამედროვე მოჭადრაკეები ნანა ძაგნიძე, ნინო ბაციაშვილი, ბელა ხოტენაშვილი, სალომე მელია და სხვები, რომლებიც ღირსეულად წარმოაჩენენ ჩვენს ქვეყანას მსოფლიო საჭადრაკო ტურნირებსა თუ ოლიმპიადებზე და კიდევ ერთხელ ასახელებენ ჩვენს ქვეყანას.

  • რას ნიშნავს ჭადრაკის მსოფლიო ოლიმპიადა ბათუმისა და ზოგადად,  საქართველოსთვის? 

ჩვენი ქალაქისა და ზოგადად, ქვეყნისთვის ჭადრაკის მსოფლიო ოლიმპიადის მასპინძლობა უდიდესი პატივია. ბათუმს ჭადრაკის საერთაშორისო ტურნირებისა და შეჯიბრებების მასპინძლობის 20 წლიანი გამოცდილება აქვს, თუმცა მსგავსი მასშტაბისა და მნიშვნელობის ღონისძიებას პირველად ვმასპინძლობთ. სპეციალურად, ამ ღონისძიებისთვის რეგიონში მოეწყო სპორტული ინფრასტრუქტურა, აშენდა მულტიფუნქციური სპორტკომპლექსი,  სადაც  მსოფლიო ოლიმპიადის მონაწილეები კომფორტულ გარემოში შეძლებენ ასპარეზობას. მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის მასპინძლობას ბათუმისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, როგორც რეგიონის პოპულარიზაციის, ცნობადობის გაზრდის, ასევე ბათუმის, როგორც საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების მასპინძელი ქალაქის პოზიციონირებისთვის მსოფლიო მასშტაბით. ოლიმპიადის 4000-ვე სტუმარი არის ჩვენი რეგიონის ტურისტული პოტენციალის, დადებითი შთაბეჭდილებებისა და ემოციების ექსპორტიორი 185 ქვეყანაში, რაც ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის მიმართ ინტერესს კიდევ უფრო გაზრდის. წელს, ბათუმმა მოიპოვა ევროპის სპორტული ქალაქის ტიტული, რასაც ჭადრაკის მსოფლიო ოლიმპიადის ბათუმში ჩატარება კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობას სძენს.