ბათუმი 2018: ქალთა ნაკრების დასანანი ყაიმი ჩეხეთთან
4 ოქტომბერი 2018
ბათუმი 2018: ქალთა ნაკრების დასანანი ყაიმი ჩეხეთთან

ბათუმის სპორტის სასახლეში მიმდინარე 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის დასრულებამდე ერთი ტური დარჩა. ხვალ, დასკვნითი მე-11 ტურის პარტიები 11:00 საათზე დაიწყება და საღამოს უკვე ჩემპიონ-პრიზიორი გუნდების დაჯილდოება შედგება. ხვალვე გვეცოდინება ჩვენი ქალთა ნაკრების ამბავი - რა თქმა უნდა, ბოლომდე გვჯერა, რომ საქართველოს ნაკრები მედლების მოპოვებას შეძლებს და მათი თამაშის და ნაჩვენები შედეგის შეფასებაც უფრო ადვილი ამის შემდეგ იქნება, თუმცა მანამდე ჩვენი სხვა გუნდების ოლიმპიადაზე ასპარეზობა შეიძლება რომ შევაჯამოთ.

ქალთა და ვაჟთა მეორე და მესამე ნაკრებებს ურიგოდ ნამდვილად არ უთამაშიათ, განსაკუთრებით ეს ვაჟთა მესამე გუნდზე ითქმის, რომელიც 20-წლამდე ნაკრების მოჭადრაკეებით არის დაკომპლექტებული და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილებაც დატოვა. ამ ოთხი ნაკრებიდან, ცხადია ყველაზე მეტი მოთხოვნა ქალთა მეორე გუნდს ჰქონდა, რომელშიც ნაკრების პოტენციური წევრები თამაშობენ. პრინციპში გოგონებს ცუდათ არ უთამაშიათ, მე-14 განთესვის მქონე გუნდმა მეტნაკლებად წარმატებით ითამაშა და დღეს საკმაოდ ძლიერ იტალიას 2.5:1.5 მოუგო.

რაც შეეხება ვაჟთა მთავარ ნაკრებს, რომელსაც ოლიმპიადის წინ საკმაოდ ძლიერი ბულგარელი ივან ჩეპარინოვი დაემატა. ნინო გურიელის გუნდმა სამწუხაროდ ბევრი გაუთვალისწინებელი ქულა დაკარგა და სასურველი შედეგის ჩვენება ვერ შეძლო. მე-14 განთესვის მქონე ვაჟებისთვის ათეულში შესვლა ნამდვილად კარგი შედეგი იქნებოდა, მაგრამ ამის გაკეთება ვერ მოხერხდა.

მე-10 ტურში ყველაზე დიდ ინტერესს საქართველოს ქალთა ნაკრების თამაში იწვევდა, რომელიც 26-ე განთესვის მქონე ჩეხეთს დაუპირისპირდა და ყველანაირი ლოგიკით უნდა მოეგო, თუმცა მხოლოდ 2:2-ს დასჯერდა და მედლების მოპოვების შანსი მაქსიმალურად შეიმცირა. გუშინდელი კენჭისყრის შემდეგ ჩვენს გუნდს ყველაფერი ჰქონდა საიმისოდ რომ ხვალ საჩემპიონო შანსიც კი ჰქონოდა, მითუმეტეს რომ კონკურენტებმა ყაიმი ითამაშეს, მაგრამ სამწუხაროდ ელიზბარ უბილავას გუნდმა რეალური შანსი ვერ გამოიყენა. ნანა ძაგნიძემ და ბელა ხოტენაშვილმა თეთრი ფიგურებით მოიგეს, მაგრამ ვერც ნინო ბაციაშვილმა და ვერც მერი არაბიძემ დასახული ამოცანა ვერ გადაჭრეს - თუნდაც ერთი ყაიმი ჩვენს გუნდს გამარჯვებას მოუტანდა და დასკვნით ტურში არ იქნებოდა დამოკიდებული კონკურენტების თამაშზე. ამ მოცემულობით მხოლოდ გამარჯვება შესაძლოა საკმარისი არც აღმოჩნდეს მედლის მოსაპოვებლად, რაც ძალიან სამწუხარო იქნება...

დღესვე ქალთა მესამე ნაკრები 2:2-ს დასჯერდა ესტონეთთან. ვაჟთა მთავარმა ნაკრებმა 2:2 ითამაშა ეგვიპტესთან. მეორე გუნდი ანალოგიურ ანგარიშზე შეუთანხმდა არგენტინას. მესამე ნაკრებმა კი ირანთან შეხვედრა 1.5:2.5 დათმო.

 

ბათუმი. ახალი სპორტის სასახლე. 23 სექტემბერი - 5 ოქტომბერი. საჭადრაკო ოლიმპიადა

ტური
ქალები

საქართველოს პირველი ნაკრები - ჩეხეთი 2:2
1. ნანა ძაგნიძე - კაროლინა ოლსაროვა 1:0
2. ნინო ბაციაშვილი - ჟოანა ვორეკი 0:1
3. ბელა ხოტენაშვილი - კრისტინა პეტროვა 1:0
4. მერი არაბიძე - კრისტინა ნოვოსადოვა 0:1

საქართველოს მეორე ნაკრები - იტალია 2.5:1.5
1. ინგა ჭარხალაშვილი - ოლგა ზიმინა 0.5:0.5
2. სოფიო გვეტაძე - დესირე დი ბენედეტო 1:0
3. სოფიკო ხუხაშვილი - მარინა ბრუნელო 0:1
4. მირანდა მიქაძე - დანიელა მოვილეანო 1:0

საქართველოს მესამე ნაკრები - ესტონეთი 2:2
1
. ნინო ხომერიკი - მაი ნარვა 0:1
2. მარიამ ჯანიაშვილი  - მარგარეთ ოლდე 0.5:0.5
3. ლილე ქორიძე - მონიკა ციგანოვა 0.5:0.5
4. თამარ ესაძე - თრიინ ნარვა 1:0

ვაჟები
საქართველოს პირველი ნაკრები - ეგვიპტე 2:2
1. ბაადურ ჯობავა - ბასიმ ამინი 0:1
2. მიხეილ მჭედლიშვილი - ამედ ადლი 0.5:0.5
3. ივან ჩეპარინოვი - ადჰამ ფავზი 0.5:0.5
4. დავით ჯოჯუა - სამეჰ სადეკი 1:0

საქართველოს მეორე ნაკრები - არგენტინა 2:2
1. ლუკა პაიჭაძე - სანდრო მარსელო 1:0
2. დავით მაღალაშვილი - დიეგო ფლორესი 0.5:0.5
3. თორნიკე სანიკიძე - ფერნანდო პერალტა 0:1
4. გიგა ყუფარაძე - ფედერიკო პონცა პერესი 0.5:0.5

საქართველოს მესამე ნაკრები - ირანი 1.5:2.5
1. ნოე თუთისანი - ფარხან მაღსოოდლო 0:1
2. ნიკოლოზ პეტრიაშვილი - პაუია იდანი 0.5:0.5
3. ნიკოლოზ კაჭარავა - მამინ ტაბატაები 0:1
4. გიორგი სიბაშვილი - ალირეზა ფიროუზა 1:0

ლექსო მაისურაძე
43-ე მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი