ბათუმი 2018: ქალთა ნაკრებმა მონღოლეთი დაამარცხა და მედლებისთვის ბრძოლას აგრძელებს
3 ოქტომბერი 2018
ბათუმი 2018: ქალთა ნაკრებმა მონღოლეთი დაამარცხა და მედლებისთვის ბრძოლას აგრძელებს

საქართველოს ქალთა ნაკრები, ბათუმში მიმდინარე 43-ე საჭადრაკო ოლიმპაიდაზე მედლებისთვის ბრძოლას აგრძელებს, თუმცა მე-8 ტურში განცდილმა მოულოდნელმა მარცხმა გეგმები მნიშვნელოვნად აურია. ერთი რომ სატურნირო ცხრილში ორი გამოკვეთილი ფავორიტი გამოიკვეთა, მოქმედი ჩემპიონის ჩინეთის და უკრაინის ნაკრების სახით, რომელიც ბოლო წლებში მუდმივად საუკეთესო სამეულში შედის და მეორე - ცხრილის თავში ისედაც საოცარი სიმჭიდროვეა და მედლებისთვის მებრძოლ გუნდს არამცთუ ქულების დაკარგვის, არამედ დამატებითი მაჩვენებლების დათმობის უფლებაც კი არ აქვს, რადგან დიდი შანსია ბოლოს საქმე ამ კომპონენტის დათვლამდეც მივიდეს. სამწუხაროდ, ჩვენს გუნდს არც ამ მხრივ აქვს საქმე მთლად კომფორტულად, რადგან კონკურენტები უფრო ყოჩაღობენ. მე-9 ტურში ქალთა ნაკრების მეტოქე მონღოლეთი გახლდათ. ელიზბარ უბილავას გუნდს გამარჯვება რომ ულაპარაკოდ სჭირდებოდა ამაზე ბევრი საუბარი არც ღირს, უფრო მეტიც საქართველოს ნაკრებს დამაჯერებელი გამარჯვება მართებდა, როგორც ფსიქოლოგიური, ისე სატურნირო თვალსაზრისით. საბედნიეროდ ასეც მოხდა - 3:1. ნანა ძაგნიძის გამარჯვება და ნინო ბაციაშვილის ყაიმი თითქმის ერთდროულად დაფიქსირდა, რაც სანახევროდ გამარჯვებას ნიშნავდა. მალევე ბელა ხოტენაშვილის მოწინააღმდეგემ საათი გააჩერა და კიდევ ერთი ქულა. ლელა ჯავახიშვილი თეთრი ფიგურებით ყაიმს დასჯერდა.
ახლა მნიშვნელოვანია კენჭისყრა და ხვალინდელი ტური, რომელიც ბევრ რამეს განსაზღვრავს. ასევე კონკურენტი გუნდების მიერ დაფიქსირებული რამოდენიმე შედეგი, რომელიც პრინციპში ჩვენთვის სასურველი სცენარით წარიმართა. სატურნირო ცხილს ჩინეთი ლიდერობს ერთპიროვნულად და ამ გადასახედიდან ჩემპიონობის მთავარ ფავორიტადაც ჩანს. საქართველოს ნაკრებმა 14 ქულა დააგროვა ხვალ, მე-10 ტურში რომელიმე კონკურენტთან დაპირისპირება მოუწევს.

მეორე ნაკრები სერბეთს 2:2-ზე შეუთანხმდა. მესამე გუნდი ვიეტნამთან დამარცხდა 0.5:3.5.

ვაჟთა ნაკრებმა 2.5:1.5 დაამარცხა ბელარუსის ნაკრები. ნინო გურიელმა დაასვენა ბაადურ ჯობავა და მისი ადგილი პირველ დაფაზე მიხეილ მჭედლიშვილმა დაიკავა. ჩვენი გუნდიდან ერთადერთი შეხვედრა ივან ჩეპარინოვმა მოიგო შავი ფიგურებით, დანარჩენებმა ყაიმი ითამაშეს. აღსანიშნავია, რომ ჩეპარინოვი ერთადერთია საქართველოს ნაკრებში, ვისაც შეხვედრა არ დაუთმია. მან 8 შეხვედრაში 4 გამარჯვება და 4 ყაიმი ითამაშა და ჩვენს გუნდში საუკეთესოა. ამ გამარჯვებით საქართველოს ნაკრები 12 ქულას დააგროვებს და ცოტათი გაიუმჯობესებს პოზიციას, თუმცა დარჩენილ 3 ტურში საერთო სურათის მნიშვნელოვნად შეცვლა გაუჭირდება. სამწუხაროდ, ჩვენმა ვაჟებმა ბევრი გაუთვალისწინებელი ქულა დაკარგეს, რამაც უკეთესი შედეგის მიღების შესაძლებლობა პრაქტიკულად გამორიცხა.

მეორე გუნდმა ლატვიას 2.5:1.5, ხოლო მესამემ ალჟირს ასევე 2.5:1.5 მოუგო. ასე რომ ვაჟების სამივე გუნდმა გაიმარჯვა, სამივემ ერთნაირი ანგარიშით.

 

ბათუმი. ახალი სპორტის სასახლე. 23 სექტემბერი - 5 ოქტომბერი. საჭადრაკო ოლიმპიადა

IX ტური
ქალები

საქართველოს პირველი ნაკრები - მონღოლეთი 3:1
1. ნანა ძაგნიძე - ბატხუვაგ მუნგულტუული 1:0
2. ლელა ჯავახიშვილი - დავაადემბერელ ერდენე-ნომინი 0.5:0.5
3. ნინო ბაციაშვილი - ტურმუნხ მუნხზული 0.5:0.5
4. ბელა ხოტენაშვილი - ტუვშინტუგს ბატჩიმენგი 1:0

საქართველოს მეორე ნაკრები - სერბეთი 2:2
1. სალომე მელია - იოვანა რაპორტი 0.5:0.5
2. ინგა ჭარხალაშვილი - იოვანა ერიკი 0.5:0.5
3. სოფიკო ხუხაშვილი - ადელა ველიკიჩი 1:0
4. მირანდა მიქაძე - თეოდორა ინჟაცი 0:1

საქართველოს მესამე ნაკრები - ვიეტნამი 0.5:3.5
1
. ნინო ხომერიკი - ნგუიენ თაო ლი პჰამი 0.5:0.5
2. მარიამ ჯანიაშვილი  - ტრამ ბაო თი ჰოანგი 0:1
3. ლილე ქორიძე - ჰუნგ მაი თი ნგუენი 0:1
4. თამარ ესაძე - დუონგ თუი ნგოკი ბაჩი 0:1

ვაჟები
საქართველოს პირველი ნაკრები - ბელარუსი 2.5:1.5
1. მიხეილ მჭედლიშვილი - ვლადისლავ კოვალევი 0.5:0.5
2. ივან ჩეპარინოვი - ალექსეი ალექსანდროვი 1:0
3. ლევან ფანცულაია - კირილ სტუპაკი 0.5:0.5
4. დავით ჯოჯუა - ალექსეი ფედოროვი 0.5:0.5

საქართველოს მეორე ნაკრები - ლატვია 2.5:1.5
1. ლუკა პაიჭაძე - იგორ კოვალენკო 1:0
2. თორნიკე სანიკიძე - არტურს ნეიკსანსი 0.5:0.5
3. ირაკლი ბერაძე - ნიკიტა მეშკოვსი 0.5:0.5
4. გიგა ყუფარაძე - არტურს ბერნოტასი 0.5:0.5

საქართველოს მესამე ნაკრები - ალჟირი 2.5:1.5
1. ნოე თუთისანი - ბილელ ბელაჰცენე 0.5:0.5
2. ლუკა ობოლაძე - აიმენ რიზოუკი 0:1
2. ნიკოლოზ პეტრიაშვილი - ადლანე არაბი 1:0
4. გიორგი სიბაშვილი - საად ბელოუდაჰი 1:0

ლექსო მაისურაძე
43-ე მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი