ინფორმაცია

43- მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა

ბათუმისაქართველო

23 სექტემბერი - 6 ოქტომბერი 2018

ინფორმაცია გუნდის კაპიტნებისთვის

ძვირფასო გუნდის კაპიტნებო,

ამ წერილით მინდა გაგაცნოთ 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის - რომელიც გაიმართება ბათუმში, საქართველოში, 2018 წლის 23 სექტემბრიდან(ჩამოსვლა) 6 ოქტომბრამდე(გამგზავრება) - ძირითადი პროცედურები.

ყველა მონაწილე გუნდისთვის დეტალურ ინსტრუქციებსა და ინდივიდუალურ პაროლს წინასწარ მიიღებთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით (რომელიც გამოიგზავნება 2018 წლის 16 სექტემბერს TAP-ის მიერ), ტურნირის თითოულ ეტაპზე თქვენი გუნდის შემადგენლობის ონლაინ რეგისტრაციისთვის. დამატებით, 21 სექტემბრის 24:00 საათამდე თქვენ ონლაინ უნდა მიუთითოთ თქვენი გუნდის დაფების ფიქსირებული თანმიმდევრობა (ზუსტი თანმიმდევრობა იმ დაფებისა, რომელზეც გსურთ რომ თქვენი გუნდის წევრებმა ითამაშონ ტურნირის მსვლელობისას) ინსტრუქციის მიხედვით, რომელიც ასევე გამოიგზავნება თქვენთან. პრობლემის შექმნის შემთხვევაში, თქვენი გუნდის დაფების ფიქსირებული თანმიმდევრობა შეგიძლიათ ელექტრონული ფოსტით გაუგზავნოთ TAP-ის თავმდჯომარეს, უერნერ სტუბენვოლს შემდეგ მისამართზე Werner.stubenvoll@liwest.at, 21 სექტემბრის 24:00 საათამდე.

კაპიტნების შეხვედრა

კაპიტნების შეხვედრა გაიმართება 24 სექტემბერს, 09:30 საათზე, ბათუმის სპორტის სასახლეში (სათამაშო დარბაზში). ორგანიზატორები უზრუნველყოფენ ტრანსპორტირებას სასტუმროებიდან წამოსვლისას და უკან დაბრუნებისას.

შეხვედრაზე თქვენი დასწრება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ოლიმპიადასთან, ტურნირთან დაკავშირებული ყველა დეტალი იქნება განხილული.

პირველი ტურის გუნდების დაწყვილება გამოქვეყნდება ვებგვერდებზე (ოფიციალური ვებგვერდი, ცჰესს-რესულტს.ცომ და ა.შ.) 24 სექტემბერს, 08:00 საათზე.

ტურის დაწყებამდე

გუნდის შემადგენლობის მისათითებლად ბოლო ვადა თითოეული ტურის დღეა, დილის 10:00 საათი. პირველი ტურისთვის ბოლო ვადა ტურის დღის 11:00 საათი იქნება (24 სექტემბერი). უკანასკნელი ტურისთვის ბოლო ვადა იქნება წინა ტურის ღამის 24:00 საათამდე (4 ოქტომბერი). მოთხოვნის გაგზავნა აუცილებლად უნდა მოხდეს ონლაინ, “Swiss Manager Program”-ის მეშვეობით ინსტრუქციების მიხედვითა და ინდივიდუალური პაროლის გამოყენებით, რომელსაც „TAP“ წინასწარ გაუგზავნის ყველა კაპიტანს. პრობლემის შექმნის შემთხვევაში, ყოველ დილით 09:00 საათიდან 10:00 საათამდე, ოლიმპიადის ყველა სასტუმროში იქნება ასისტენტი, რომელიც გაგიწევთ საჭირო დახმარებას. ყველა კაპიტანი უზრუნველყოფილი იქნება „TAP“-ის ტელეფონის ნომრით და ექნებათ შესაძლებლობა დაურეკონ „TAP“-ის წევრებს იმ შემთხვევაში, თუ გუნდის წევრების რეგისტრაციისას შეიქმნება ნებისმიერი სახის პრობლემა.

თუ რომელიმე ტურისთვის კაპიტანს არ ექნება მითითებული გუნდის შემადგენლობა, გამოყენებული იქნება გუნდის დაფების ფიქსირებული თანმიმდევრობა (პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე დაფა).

სათამაშო დარბაზში მისვლა:

ტურნირის ყველა ტური დაიწყება 15:00 საათზე, ბოლო ტურის გამოკლებით (5 ოქტომბერი), რომელიც დაიწყება 11:00 საათზე. დაუშვებელი დრო გაიზარდა 15 წუთამდე, რაც ნიშნავს იმას, რომ მოთამაშეებს ექნებათ უფლება გამოცხადდნენ საკუთარ დაფასთან მაქსიმუმ 15 წუთის დაგვიანებით ტურის დაწყებიდან. თუ მონაწილე გამოცხადდება 15 წუთის გასვლის შემდეგ, ჭადრაკის წესების მიხედვით, მოთამაშე გამოცხადდება დამარცხებულად. სათამაშო დარბაზის შესასვლელში იქნება რენტგენული კარი, რომელშიც ყველა მოთამაშემ და კაპიტანმა უნდა გაიაროს, რათა თავიდან ავიცილოთ თამაშისას თაღლითობა. გრძელი რიგებისა და თამაშის დაწყების დაყოვნების თავიდან ასაცილებლად, გთხოვთ დრწმუნდით, რომ თქვენი გუნდი სათამაშო დარბაზში ტურის დაწყებამდე, წინასწარ გამოცხადდება და არ ჩამორჩეთ ავტობუსებს, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება ორგანიზატორების მიერ სასტუმროებიდან ტრანსპორტირებისთვის. ავტობუსების განრიგი დალაგებული იქნება ისე, რომ უკანასკნელი ავტობუსი ტურნირის ადგილას 14:30 საათზე მივა (გამოკლებით ბოლო ტურისა, 10:30 საათი.)

ასევე, კაპიტნებმა და მოთამაშეებმა სათამაშო დარბაზში არ უნდა შეიტანონ შემდეგი ნივთები: ლეპტოპები, მობილური ტელეფონები, საათები, კალმები და სხვა ყველა საკომუნიკაციო მოწყობილობები, რომლებიც შეიძლება თან ჰქონდეთ. (ნივთები სპეციალურ ადგილზე შეინახება და მათი უკან დაბრუნება სათამაშო დარბაზიდან გასვლისას იქნება შესაძლებელი).

გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ თქვენს არც ერთ მოთამაშეს არ ჰქონდეს მსგავსი მოწყობილობა ტურის მსვლელობისას, რადგან ასეთ შემთხვევაში ისინი FIDE-ს ჭადრაკის წესებისა და თაღლითობის საწინააღმდეგო რეგულაციების შესაბამისად დაჯარიმდებიან.

კაპიტნებს უფლება აქვთ თან იქონიონ წიგნი (იმ შემთხვევაში თუ ეს არ იქნება ჭადრაკის წიგნი, რომელსაც შეამოწმებს არბიტრი). ასევე შეუძლიათ ჰქონდეთ ფოტო კამერა. რეგულაციების მიხედვით ფოტოების გადაღება (განათებითა და განათების გარეშე) ნებადართულია ტურის დაწყებიდან პირველი 10 წუთის განმავლობაში.

კაპიტნებს უფლება აქვთ სათამაშო დარბაზში ტურის დაწყებიდან მაქსიმუმ 2 საათის შემდეგ გამოცხადდენ (ამის შესახებ გუნდის წევრებმა უნდა აცნობონ მატჩის არბიტრს.) სათამაშო დარბაზში შემოსვლისას, აღარ ექნებათ უფლება დატოვონ დარბაზი მანამ, სანამ მათი გუნდი არ დაასრულებს თამაშს. მათ უნდა ატარონ საკუთარი ბეიჯი და მწვანე ბარათი, რათა წარმოადგინონ ყოველი შემოწმებისას.

ტურის მსველობისას

კაპიტნების სკამები იქნება არბიტრის სკამების გვერდით.

ჭადრაკის წესების მიხედვით, კაპიტნებს უფლება აქვთ საკუთარი გუნდის წევრებთან კომუნიკაციისა:

გუნდის კაპიტანი არ უნდა დადგეს მოწინააღმდეგე გუნდის მოთამაშის უკან თამაშის მსვლელობისას.

თუ გუნდის კაპიტანს სურს რომ დაელაპარაკოს თავის რომელიმე მოთამაშეს, ის პირველ რიგში უნდა მივიდეს მატჩის არბიტრთან. გუნდის კაპიტანს მხოლოდ ამის შემდეგ აქვს უფლება გაესაუბროს საკუთარ მოთამაშეს არბიტრის თანდასწრებით და გამოიყენოს არბიტრისთვის გასაგები ენა.

გუნდის კაპიტანს უფლება აქვს მისი გუნდის მოთამაშეს ურჩიოს, რომ მოწინააღმდეგეს დათანხმდეს ან შესთავაზოს ფრე, რომელიც აუცილებლად უნდა ეთანხმებოდეს ოლიმპიადის წესებს ყაიმის აკრძალვასთან დაკავშირებით (ორივე მოთამაშეს შესრულებული უნდა ჰქონდეს 30 სვლა). ის სხვა მხრივ არანაირად არ უნდა ჩაერიოს თამაშის მსვლელობაში. არ აქვს უფლება განიხილოს არცერთი პოზიცია არცერთ დაფაზე.

გუნდის კაპიტანს თავისი მოვალეობები შეუძლია გადასცეს სხვა ადამიანს იმ შემთხვევაში, თუ ის წინასწარ წერილობით შეატყობინებს არბიტრს.

180 მატჩის არბიტრები ვერ დაიმახსოვრებენ მონაწილე გუნდების მოთამაშეებსა და მათ კაპიტნებს მთელი მსოფლიოდან, ამიტომ მთელი ტურის განმვალობაში კაპიტნებმა და მოთამაშეებმა უნდა ატარონ ბეიჯები, რომლებსაც მიიღებენ ორგანიზატორებისგან.

ასევე, კაპიტნებს არბიტრი მისცემს 5 მწვანე ბარათს. მოთამაშეებმა და კაპიტანმა უნდა ატარონ ეს ბარათები მთელი ტურის მსვლელობისას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი შედიან სათამაშო დარბაზში, საპირფარეშოში, მოწევისთვის განკუთვნილ ადგილას, ბარში და ა.შ.

მწვანე ბარათი მიანიშნებს რომ მათი თამაში ისევ მიმდინარეობს, ამიტომ მათ აქვთ უფლება იყვნენ სათამაშო დარბაზში.

მატჩის თითოეული თამაშის დასრულებისას, მოთამაშემ თავისი მწვანე ბარათი მატჩის არბიტრს უნდა გადასცეს და დატოვოს სათამაშო სივრცე. (ანალიზის ოთახი უზრუნველყოფილია ორგანიზატორების მიერ).

მატჩის დასრულების შემდეგ კაპიტანმა აუცილებლად უნდა მიიღოს 4 მწვანე ბარათი მატჩის არბიტრისგან, რადგან ისევ გამოიყენოს ისინი შემდეგი ტურისთვის (საკუთარ მწვანე ბარათთან ერთად). კაპიტნებმა არ უნდა დაკარგონ მწვანე ბარათები, რადგან მათი რაოდენობა შეზღუდულია და ნებისმიერმა დანაკარგმა შეიძლება სათამაშო დარბაზში შესვლისას პრობლემა გამოიწვიოს. არც ერთი კაპიტანი და მოთამაშე არ დაიშვება სათამაშო დარბაზში მწვანე ბარათის გარეშე. კაპიტნებს არ აქვთ უფლება შევიდნენ პრესის ოთახში ან ნებისმიერ სხვა ოთახში, სადაც მათ საშუალება ექნებათ გაანალიზონ თამაში კომპიუტერის ან ჭადრაკის დაფის მეშვეობით. სათამაშო დარბაზში ყოფნისას თან არ უნდა ჰქონდეთ ლეპტოპი, მობილური ტელეფონი, საათი, პლანშეტი ან სხვა საკომუნიკაციო მოწყობილობა.

თუ კაპიტანს ან მოთამაშეს სურს საჩივრის შეტანა თაღლითობასთან დაკავშირებით, მან ტურნირის დროს უნდა შეავსოს ფორმა თაღლითობის შესახებ FIDE-ს რეგულაციების მიხედვით. ეს ფორმა უზრუნველყოფილი იქნება მთავარი არბიტრის ან ვიცე მთავარი არბიტრების მიერ.

მატჩის დასრულების შემდეგ:

კაპიტანმა ან მოთამაშემ, რომელიც უკანასკნელი დაასრულებს თამაშს, უნდა მოაწეროს ხელი მატჩის პროტოკოლს, მას შემდეგ რაც შეამოწმებს თამაშის შედეგებს და მატჩის საბოლოო შედეგებს, როელიც დაწერილი იქნება არბიტრის მიერ. სანამ დატოვებს სათამაშო დარბაზს მან არბიტრისგან უნდა მიიღოს 4 მწვანე ბარათი.

თუ რომელიმე მისი მოთამაშე ამორჩეული იქნება დამატებითი შემოწმებისთვის თაღლითობის საწინააღმდეგო ჭადრაკის წესების მიხედვით (11.3.3), მას შეუძლია დაესწროს შემოწმებას, როგორც მოწმე. განცალკევებულ ოთახში შემოწმდება მოთამაშის პირადი ნივთები, ჩანთა, ტანსაცმელი და ა.შ.

ვთვლი, რომ კაპიტნები ოლიმპიადაში უდიდეს როლს თამაშობენ და მათი წვლილი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ღონისძიების წარმატებისთვის.

43-ე ჭადრაკის მსოფლიო ოლიმპიადის წარმატებულად ჩატარებისთვის საჭიროა კაპიტნების, გუნდის წევრებისა და არბიტრების კარგი ურთიერთთანამშრომლობა.

ამ პრობლემასთან დაკავშირებით თქვენი დახმარების იმედი მაქვს.

ყველას ბათუმში გიხილავთ.

/ ტაკის ნიკოლოპულოსი

მთავარი არბიტრი

43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა