ყველაზე მაგარი ნიკოლოზ ქვარიანი

ჩემი ცოლი ამბობს, რომ ადამიანების ამოჩემება ვიცი და ამ უწყინარ ნაკლს ვაღიარებ კიდეც, მაგრამ მაშინ ჩემმა ცოლმაც უნდა აღიაროს, რომ ადამიანებს მე მხოლოდ კეთილი მიზნებით ამოვიჩემებ ხოლმე და რა უნდა იყოს სიყვარულზე კეთილი მიზანი?

ნიკოლოზ ქვარიანიც სიყვარულით ამოვიჩემე და პირველად მის შესახებ ნიუ-იორკში პირველად ყოფნის დროს გავიგე, მაგრამ კოლა ქვარიანის ფენომენი რამდენიმე წლის წინ ქუთაისში ყოფნის დროს აღმოვაჩინე. ბატონმა ზურაბ ჯავახაძემ მის მიერ შექმნილ სპორტულ მუზეუმში სტუმრობისას ნიკოლოზ ქვარიანის შესახებ ისეთი წიგნი მაჩუქა, რომ მისი არამოჩემება, მართლა არ შემეძლო.

არადა როგორ არ ამოვიჩემო (და თანაც დიდი სიყვარულით) ქუთაისში დაბადებული საოცარი კაცი, რომელმაც მთელი მსოფლიო ისე დაამარცხა, რომ მის მიერვე დამარცხებული ადამიანების მიმართ, სიყვარულის გარდა, არც არაფერი გააჩნდა. მხოლოდ დიდი სიყვარულით შეიძლება იმის ახსნა, რომ მოწინააღდეგეს, ვისაც კოლა ქვარიანი დაამარცხებდა ხოლმე და, როგოც წესი, ბეჭებით გააკრავდა ტატამს ან ნახერხს, გამარჯვებისთვის მიღებული ფულადი პრემიის ნაწილს სრულიად გულწრფელად სთავაზობდა. იმ თანხის დიდ ნაწილს, ასევე სიხარულით, ურიგებდა ხოლმე გაჭირვებულ ქართველ ემიგრანტებს ჯერ რუსეთში, მერე ევროპის ქვეყნებში და მერე ამერიკაში, სადაც ის საბოლოოდ დასახლდა.

პროფესიული მოჭიდავე რომ გახდა, ძალიან ახალგაზრდა იყო და ასპარეზობა კი იმ ცირკში დაიწყო, რომელიც რიონის პირას საბჭოთა პერიოდამდელ ქუთაისში არსებობდა, მაგრამ მისი მომრევი ქუთაისში, იმერეთსა და საქართველოში კი არა, დედამიწის ზურგზეც კი არავინ აღმოჩნდა.

ნიკოლოზ ქვარიანს პატარაობიდანვე აღმოაჩნდა მართლა საარაკო და მართლა ზღაპრული ძალა, მაგრამ მისი უპირატესობა მაინც არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ გონებრივი მონაცემებიც იყო და უფრო სწორად კი მათი გასაოცარი სინთეზი და ამ საჩუქარს ის ძალიან კარგად და სწორად იყენებდა.

მთელი ცხოვრება ენატრებოდა საქათველო და განსაკუთრებით კი მშობლიური ქუთაისი, მაგრამ მან ზუსტად იცოდა რომ საბჭოთა რეჟიმს მისი მგრძნობიარე გული და გონება ვერ გაუძლებდა (ვერაფრით) და ვერც საბჭოთა ხელისუფლება აიტანდა ასეთი გულისა და გონების პატრონს და ის უკან აღარ დაბრუნებულა.

როცა დარდი, დაღლა და ასაკი წამოეწია და მიხვდა, რომ ძველებურად ვეღარ შეძლებდა ჭიდაობით თავის რჩენასა და სხვების დახმარებას, ჭადრაკის თამაში დაიწყო ფულზე და ჭადრაკიც ისე უყვარდა რომ ერთხანს თავსაც ირჩენდა ჭადრაკით და იმ სხვებსაც არჩენდა. ეს ნათელი გონებისა და გულის ქართველი კაცი დიდმა ამერიკელმა რეჟისორმა სტენლი კუბრიკმა სწორედ ჭადრაკის თამაშის დროს გაიცნო ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში, სადაც ადრე ჭადრაკის მოყვარულები იკრიბებოდნენ ხოლმე (როგორც ახლა ვაკის პარკში იკრიბებიან) და ჭადრაკი, კუბრიკსაც ძალიან უყვარდა. თუმცა მათ შორის გამართული ის პირველი შეხვედრა საჭადრაკო თემებზე საუბრით არ გაგრძელებულა და სტენლი კუბრიკმა ნიკოლოზ ქვარიანს თავის მომავალ ფილმში გადაღება შესთავაზა მაშინვე, როგორც კი ფეხზე წამომდგარი ქვარიანიც აღმოაჩინა. მერე, მოგვიანებით, როცა დამეგობრდნენ, ბატონ სტენლის (ბატონი კოლასთვის) პირდაპირ უთქვამს კიდეც, ასეთი ღონიერი და, იმავდროულად, ასეთი გონიერი, მე ჯერ არავინ მინახავსო და გაკვირვებულს (რამდენჯერმე) ხელებიც კი  გაუშლია...

შეიძლება მისი გაკვირვების საფუძველი იყო ამერიკულ საჭადრაკო ჟურნალ „Chess review“-ში გამოქვეყნებული წერილი ნიკოლოზ ქვარიანის შესახებ, სადაც მას მოიხსენიებდნენ ერთადერთ პროფესიონალ მოჭიდავედ, რომელიც პროფესიონალი მოჭადრაკეც იყო. კუბრიკმაც არა მხოლოდ ბატონი კოლა გადაიღო თავის ცნობილ ფილმში, არამედ ნიკოლოზ ქვარიანის მიერ ამერიკაში დაარსებული საჭადრაკო სკოლაც და მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის ასაკობრივი სხვაობა საკმაოდ დიდი იყო, მათი მეგობრობისთვის ამ სხვაობას ხელი არ შეუშლია. თუმცა სტენლი კუბრიკმა რომ კოლა ქვარიანი გაიცნო, ამ უკანასკნელს უკვე თავი ჰქონდა დანებებული კომერციული ჭიდაობისთვის და მხოლოდ კომერციული ჭადრაკით იყო გატაცებული და ამიტომაც დიდ ამერიკელ რეჟისორს პირადად არ უნახავს ნიკოლოზ ქვარიანის არცერთი შეხვედრა, სადაც რუსეთისა და ევროპის სახელოვანი მოჭიდავეების შემდეგ ერთმანეთის მიყოლებით ამარცხებდა მანამდე დაუმარცხებელ, ყველაზე ცნობილ ამერიკელ ფალავნებსა და ათლეტებს (თვითონ თურმე ხუმრობდა ხოლმე – რუსი გოლიათი ილია მურომეცი ისე ვახოხიალე, მერე ამერიკელი ჩემპიონის, ედი ლუისის დამარცხება, სულ აღარ გამჭირვებიაო).

პროფესიული მოჭიდავე უკვე აღარ იყო, მაგრამ არაადამიანური ძალა და ღონე (და, რაც მთავარია, ბრძოლის ჟინი) მაინც ბოლომდე შერჩა და უკვე ოთხმოცს მიტანებულს მოუწია იმ უკანასკნელ და უთანასწორო ბრძოლაში ჩართვა, სადაც ათზე მეტი ნაძირალა იბრძოდა მის წინააღმდეგ (ნიუ-იორკის ერთ-ერთ ბნელ ქუჩაზე) და მისი დამარცხება რომ მაინც ვერ შეძლეს, ბოლოს მის წასაქცევად დანები იხმარეს. ჭრილობები მძიმე აღმოჩნდა (სამწუხაროდ) და მალე ეს დიდი და კეთილი ქართველი ლეგენდა გარდაიცვალა კიდეც და ერთადერთი, რისი დატოვებაც მან საქართველოსთვის შეძლო, მისი ანდერძი იყო და ანდერძის მიხედვით კი (ბატონი კოლა ქართველებს) მისი ფერფლის სამშობლოში ჩამოტანას თხოვდა. მან იცოდა რომ საბჭოთა პერიოდში მისი ნეშტის ამერიკიდან საქართველოში გადმოსვენება შეუძლებელი იქნებოდა, მაგრამ კრემაციის შემთხვევაში, იქნებ ვინმეს (როგორმე) ფერფლის ჩამოტანა მაინც მოეხერხებინა, რომ მერე ქუთაისის  რომელიმე ხიდიდან რიონისთვის გაეტანებინა. ანდერძის გარდა კი ნიკოლოზ ქვარიანმა ვერავის ვერაფერი დაუტოვა, რადგან რასაც ის    წლების მანძილზე იგებდა, ყველაფერს სხვებს ურიგებდა მაშინვე და ფულს მათ ჩუქნიდა, ვისაც დახმარება ესაჭიროებოდა, ხოლო თვითონ (ბოლოს) საკუთარი ჭერის გარეშე დარჩა და მოხუცთა თავშესაფარშიც აღმოჩნდა გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე. რაზეც ყველაზე მეტად წყდებოდა გული, უნიკალური წიგნების კოლექცია და ბიბლიოთეკა იყო, რომელსაც მთელი ცხოვრება აგროვებდა (მეგობრების მოგონებების მიხედვით) და ქმნიდა და, რაც მთავარია, გამუდმებით კითხულობდა წიგნებს და წიგნის გარეშე ის არავის არასოდეს უნახავს. ამიტომაც იყო ნიკოლოზ ქვარიანი ყველაზე მაგარი კაცი დედამიწაზე და, რასაკვირველია, ბატონი კოლა იმის ღირსიც იყო, რომ მანუჩარ კაჭახიძეს მისი საფლავისთვის რამდენიმეწლიანი ძებნის შემდეგ ნიუ-იორკის ერთ-ერთ სასაფლაოზე მაინც მიეგნო.

იმედია, კოლა ქვარიანი ახლა მაინც დაუბრუნდება მშობლიურ ქუთაისს...