ლეგენდა

ქართული ჭადრაკის მთავარი ლეგენდა (სანამ მაია ჩიბურდანიძე მსოფლიოს ჩემპიონი გახდებოდა), რასაკვირველია, ნონა გაფრინდაშვილი იყო და ამიტომაც ჩვენი მშობლები (და საერთოდ, უფროსი თაობის ადამიანები) მას მხოლოდ სახელით მოიხსენიებდნენ.

ასეთი პატივი, პოეტებისა და მწერლების შემდეგ (საქართველოში) სწორედ მოჭადრაკე ქალებს ხვდათ წილად და მათ შორის პირველი კი, რა თქმა უნდა, ნონა იყო.

სწორედ ასე, მხოლოდ სახელით, ახსენებდნენ ხოლმე მაშინ მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონ ნონა გაფრინდაშვილს და როცა გვარის გარეშე ამბობდნენ მის სახელს, რასაკვირველია, მხოლოდ ნონას გულისხმობდნენ - როგორც მხოლოდ ვაჟას, შოთას ან აკაკის…

თუმცა 1978 წლიდან მსოფლიოს უკვე ახალი ჩემპიონი და ახალი ლეგენდა ჰყავდა, რადგან მაია ჩიბურდანიძე მაშინ მხოლოდ 17 წლის იყო და მაშინდელ საჭადრაკო სამყაროში კი ამაზე ახალგაზრდა ჩემპიონი ჯერ არ არსებობდა. პატარა კი ვიყავი, მაგრამ მამაჩემსა და დედაჩემს შორის დაწყებული კამათის ხმა ახლაც კარგად მახსოვს - დედაჩემს სურდა, ჩემპიონი ისევ ნონა გამხდარიყო და მამაჩემი კი მაიას მხარეს იყო და ამბობდა, საქართველოს სადიდებლად ჩიბურდანიძის გამარჯვება სჯობსო. რასაკვირველია, ეს არ იყო ისეთი ხმამაღალი კამათი, როგორიც მაშინ შვედური მუსიკალური ჯგუფის გამოჩენას მოჰყვა საქართველოში - „აბბამ“ მაშინდელი საქართველო ორ ნაწილად გაჰყო. ქართველი მამრების ნახევარი ამბობდა, რომ „აბბას“ შავთმიანი ვოკალი ქალი გაცილებით ლამაზი იყო და მამრების მეორე ნახევარი კი უპირატესობას იმავე ჯგუფის ქერათმიან ქალს ანიჭებდა. საჭადრაკო კამათებისაგან განსხვავებით, ეს დაპირისპირება უფრო დრამატული, დაძაბული და ნერვებმომშლელი იყო ხოლმე მამაკაცებისთვის და საქართველოში რომ კაცების მთავარი სალაპარაკო და სადარდებელი „აბბას“ სოლისტების ტრაკის ფორმები იყო, კიდევ ერთხელ მეტყველებს საბჭოთა რეჟიმის სისასტიკეზე.

საბჭოთა კავშირის ხელისფლება კი ჭადრაკშიც რომ დაუნდობელი იყო, ამაზე უკვე ის საოცარი ისტორიაც მეტყველებს, მაია ჩიბურდანიძის ჩემპიონობას რომ უსწრებდა წინ 1978 წელს და ამ  შემთხვევითობასთან ახლოსაც ვერ მივა დანიის ნაკრების წარმატება და ამ ნაკრების სრულიად შემთხვევითი მოხვედრა 1992 წლის ევროპის ჩემპიონატზე. სხვათა შორის, ფეხბურთის ყველაზე დიდი ქომაგი და თაყვანისმცემელი, ქართველ მოჭადრაკე ქალებს შორის, უპირობოდ იყო და არის ქალბატონი ნონა, მაგრამ სანამ მაია ჩიბურდანიძის პირველი ჩემპიონობის ამბავს მოვყვებით, შეუძლებელია, მისი საფეხბურთო ანალოგი არ გაგვახსენდეს.

1992 წელს დანიის საფეხბურთო ნაკრებმა ვერ მოახერხა საკვალიფიკაციო ეტაპის წარმატებით გადალახვა და ევროპის ჩემპიონატზე უბრალოდ ვერ მოხვდა, მაგრამ ფინალურ ეტაპზე გასულმა იუგოსლავიამაც ვერ შეძლო დანიშნულების ადგილამდე ჩაღწევა, რადგან ჩემპიონატის წინ იუგოსლავია დაიშალა და ბალკანეთზე ომი დაიწყო. იუგოსლავიის ნაცვლად (საუკეთესო მაჩვენებლების მიხედვით) ასე აღმოჩნდა მაშინ დანიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე და (მაინც ყველასათვის მოულოდნელად) იმ წელს დანიელები ევროპის ჩემპიონები გახდნენ.

მაია ჩიბურდანიძის შემთხვევაში კი გაცილებით დაუჯერებელი და  წარმოუდგენელი ამბავი მოხდა (უბრალოდ გამართლებასაც რომ ვერ დაარქმევ) და სწორედ იმ მოჭადრაკე ქალმა, ვისაც საბჭოთა კავშირის სახელით მსოფლიოს ჩემპიონობისთვის უნდა ებრძოლა, ოპერაცია გაიკეთა და სქესი გამოიცვალა. კაცად გადაქცეული ქალი, რასაკვირველია, ვერცერთ ქალთა ტურნირზე მონაწილეობას ვეღარ მიიღებდა, მაგრამ ალბათ ამ მოულოდნელ ოპერაციას სულაც არ გულისხმობდა მაია ჩიბურდანიძის დედა, რომელიც მანამდე საბჭოთა სამეულში ვერმოხვედრილ შვილს პირჯვრისწერით ამშვიდებდა - ყველაფერი უფლის ნებაა და ღმერთმა თუ ინება, მსოფლიოზე აუცილებლად გახვალო...

აკი გავიდა კიდეც, რადგან მაია მაშინ, მეოთხე პოზიციაზე იყო და ავტომატურად დაიკავა ამ უცნაური მიზეზით გამოთავისუფლებული ადგილი საუკეთესო სამეულში და მერე მაია ჩიბურდანიძე ვეღარავინ გააკავა და ზედიზედ ხუთჯერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.

მერე მაია ძალიან მორწმუნეც გახდა, მაგრამ რამდენად იმოქმედა ამ უცნაურმა ამბავმა მის ცხოვრებაზე, ნამდვილად არ ვიცი, რადგან მას არასოდეს შევხვედრივარ და, შესაბამისად, არც არასოდეს მიკითხავს და დღემდე არ ვიცი იმ ისტორიის ზუსტი დეტალები და, მითუმეტეს, მისი შედეგები.

იმ დროის საჭადრაკო ვნებათაღელვებიდან კი ისიც კარგად დამამახსოვრდა, როგორ ავრცელებდნენ საეჭვო ხმებს (ალბათ ნონა გაფრინდაშვილის მომხრეები) მაიას საწინააღმდეგოდ და მაგალითად (და კონკრეტულად) კი მისი (უკვე ხსენებული) დედის შესახებ - მაია ჩიბურდანიძეს დედამისი ყველგან თან დაჰყვება და თერმუსით საცივი და ჩანთით ხაჭაპურები დააქვს, მაიას მშობლიური ქუთაისის გემო და მადლი არსად და არასოდეს რომ არ მოაკლდესო. ჭორი იყო, რასაკვირველია, მაგრამ ჩვიდმეტი წლის მაია ჩიბურდანიძე კაი მოპუტკუნებულს კი ჰგავდა (იმთავითვე) და ბოროტი ხმები კი იმასაც ამბობდნენ, რომ ერთხელ საჭადრაკო დაფნის გვირგვინი გაჭირვებით და ძლივს ჩამოაცვესო.

არადა, იური გაგარინის მერე ასეთი კეთილი და მარადიული ღიმილით (საბჭოთა კავშირიდან) არც არავინ ჰყავდა ნანახი დანარჩენ სამყაროს და ისიც ფაქტი იყო, რომ მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ისევ ქართველმა ქალმა შეცვალა (ისევ ქართული ნიჭის წყალობით) და ქართველების საჭადრაკო ბატონობა მსოფლიოში ოცდაათ წელიწადს გაგრძელდა.

მეტი მართლა რა ქნას ამ პატარა საქართველომ...