მთვარის ღმერთი ნანა

მაშინ, რასაკვირველია, არ ვიცოდი, რომ მთვარის ღმერთს შუმერები ნანას უწოდებდნენ, ხოლო სიყვარულის ქალღმერთს (შუმერულად) ინანა ერქვა და ნანა იოსელიანის გამო თუ ვინანებდი, მითუმეტეს საიდან უნდა მცოდნოდა.

არადა მაშინ, ბავშვობაში, ჩემი ასაკისა და თაობის ქართველ ბიჭებს, ძირითადად, „მზიურის“ გოგოები მოსწონდათ, მაგრამ მე, როგორც მომავალ მოჭადრაკეს, რასაკვირველია, მოჭადრაკე ქალი შემიყვარდა - მერე რა, რომ მხოლოდ ერთი დღე ვიყავი მოჭადრაკე და მხოლოდ ერთხელ დავესწარი საჭადრაკო გაკვეთილს მაშინდელ პიონერთა სასახლეში.

ჭადრაკის წრეზე მხოლოდ ერთხელ ვიყავი, მაგრამ მაინც მივხვდი, რომ ეს თამაში, ჭკვიანი ადამიანების საქმე იყო და რატომ არ უნდა შემყვარებოდა ჭკვიანი, და თანაც ლამაზი, მოჭადრაკე ქალი, მიუხედავად ასაკობრივი სხვაობისა?

დიახ, ძალიან პატარა ასაკში გადავწყვიტე, რომ ჭკვიან ქალებთან ურთიერთობა უფრო კომფორტული იქნებოდა ჩემთვის (და უფრო სასარგებლოც ჩემი ჯანმრთელობისთვის), ვიდრე უბრალოდ ლამაზმანებისკენ ლტოლვა, მაგრამ ნანა იოსელიანამდე (მაშინ), აბა, ვინ მიმიშვებდა.

არადა, ძალიან მინდოდა, რომ იმ (რომელიმე) ერთდროული სეანსის მონაწილე გავმხდარიყავი, რომელსაც მოჭადრაკე დიდოსტატები, ბავშვებისთვისაც მართავდნენ ხოლმე და ასეთ შემთხვევაში ძალიან ახლოს და პირადად ვნახავდი ნანა იოსელიანს და თვითონვე დავრწმუნდებოდი, რომ არჩევანში არ ვცდებოდი და ის (სინამდვილეშიც) ისეთი ლამაზი იყო, როგორიც ტელეეკრანებზე ჩანდა.

თუმცა ნანა იოსელიანს (რასაკვირველია) ჩემთვის არ ეცალა და ის საქართველოში, ალბათ, მხოლოდ ცოტა ხნით თუ ჩამოდიოდა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ გამუდმებით მონაწილეობდა დიდ და საერთაშორისო ტურნირებში და ერთი მათგანი ჩემთვის კინაღამ ტრაგიკულიც კი აღმოჩნდა.

ის ტურნირი ტარდებოდა არგენტინაში და მიუხედავად იმისა, რომ არგენტინა (და საერთოდ დანარჩენი, ჩვენთვის აკრძალული, სამყარო) გაცილებით შორს იყო მაშინდელი საქართველოსგან, ბუენოს-აირესიდან საბჭოთა საქართველოშიც კი ელვის სისწრაფით ჩამოაღწია ნანა იოსელიანის გათხოვების ამბავმა. ვერ ვიტყოდი, რომ მისი გათხოვება, ჩემთვის სრულიად მოულოდნელი იყო, რადგან იმთავითვე, მაშინვე, გამიჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ნანა იოსელიანი ჩემს გაზრდა-დავაჟკაცებას დიდხანს არ დაელოდებოდა, მაგრამ მაინც, ამ ინფორმაციის მიღებამ ისე მატკინა გული, რომ ის საღამო დეტალებშიც კი დამამახსოვრდა.

იმ საღამოს დედაჩემმა ბებიაჩემთან წამიყვანა საბურთალოზე ღომისა და ხარჩოს მიღებისა და თაყვანისცემის წმინდა რიტუალის აღსავლენად, მაგრამ რიტუალის დაწყებამდე (თითქმის კარის ზღურბლზე, თითქმის შესვლისთანავე) ბებიაჩემმა დედაჩემს ძალიან უცნაური ინტონაციით მიაგება უფრო რიტორიკული ფრაზა, ვიდრე - შეკითხვა:

- ნანა იოსელიანის ამბავს კი გაიგებდი...

მათი დიალოგი დაიწყო ქართულ ენაზე და არა მეგრულად, რაც იმას ნიშნავდა, რომ მათ (დედაჩემსა და ბებიაჩემს) წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ ჩემი პირადი ცხოვრების საჭადრაკო სირთულეებზე და ვერც იმას წარმოიდგენდნენ, რომ ნანა იოსელიანის სახელის ხსენებაც კი (უბრალოდ ხსენებაც კი) რამდენად მტკივნეული იქნებოდა ჩემთვის და ბებიაჩემის იმ, ერთი შეხედვით, უწყინარ ფრაზას ჩემთვის მომაკვდინებელი ჭორიც მოჰყვა:

- არგენტინაში ყოფილა ტურნირზე და იქვე გათხოვილა...

თუმცა მე არ ვიცოდი, რომ ეს იყო მხოლოდ ჭორი და მაშინ ჯერ არ ვიცოდი, რომ ქართველებს (საერთოდ და ზოგადად) ჭორები უფრო უყვართ, ვიდრე - სიმართლე და იმ ინფორმაციის მოსმენამ კი ისე გამანადგურა, რომ უცებ ფეხებში სისუსტე ვიგრძენი, ხელისგულების დასველებაც დამეწყო და უცებ ყურებიც დამიგუბდა.

ამიტომაც ვერ გავიგე, ვინ დაასახელა ბებიაჩემმა იმ საღამოს ჩემს კონკურენტად და ვის გაყვა ცოლად (ჩემს ნაცვლად) ნანა იოსელიანი და ან კი რა მნიშვნელობა ჰქონდა ან ამ დეტალს, ან სიცოცხლეს (საერთოდ) და მახსოვს დედაჩემის შეშინებული სახეც იმ საღამოს, როცა თვალი გავახილე.

საფეთქლები კიდევ დაუზილეთო - მგონი ბიცოლაჩემი ამბობდა, როცა უკვე ღომს და ხარჩოს მტენიდნენ და ამ გულისწასვლას კი ჩემს უჭმელობას აბრალებდნენ და რა იცოდნენ, რომ, სინამდვილეში, სიყვარულის მსხვერპლი ვიყავი და სხვაზე გათხოვილი ჩემი სატრფოს დარდი მკლავდა ჯერ კიდევ სრულიად ყმაწვილ მიჯნურს...

მერე, ბევრი წელი რომ გავიდა (ბევრი დარდითა და ზოგჯერ სიხარულითაც სავსე), პრაღაში შევხვდი ნანა იოსელიანს, რომელიც უკვე მართლა გათხოვილი იყო და ერთდროულ სეანსს ატარებდა ადგილობრივი და ქართველი მსურველებისთვის და მასთან თამაშის ბავშვობისდროინდელი ოცნებაც გამახსენდა (მაშინვე) და, რასაკვირველია, ბავშვივით მომიგო.

მიუხედავად იმისა, რომ ეს არ იყო ეგრეთ წოდებული საბავშვო შამათი, მაინც სასტიკად დავმარცხდი იმ ერთადერთ მატჩში, რომელიც ჩვენ შორის შედგა. კიდევ ერთხელ (ამის მერე) ნანა იოსელიანი იმ თვითმფრინავში ვნახე, რომელიც სამშობლოში გვაბრუნებდა ორივეს და როცა სამშობლო ისედაც დარდია, მასთან ფხიზელი მიახლოებაც კი ძალიან ძნელია და მაშინ იმდენი დავლიე, რომ ისიც კი არ მახსოვს, ის რეისი როგორ დამთავრდა.

ერთადერთი, რაც მახსოვს, სირცხვილისა და სინანულის გრძნობა იყო, რომლის გამოთქმა და გამოხატვაც არ შემეძლო, მიუხედავად იმისა, რომ იმ თვითმფრინავში ნანა იოსელიანი ჩემს უკან იჯდა, მაგრამ თავის მობრუნება აღარ შემეძლო და ერთადერთი, რაც შევძელი, ის იყო, რომ ფანჯრიდან გავიხედე და მთვარე აღმოვაჩინე.

რამდენჯერ დამინახავს მზე თვითმფრინავიდან, მაგრამ მთვარე - არასოდეს...