ოლიმპიადა

მახსოვს, რომ ოლიმპიადა ერქვა ალექსანდრე მაკედონელის დედას, მაგრამ აღარ მახსოვს, რა კავშირი ჰქონდა ამ სახელს ოლიმპიადის სახელწოდებასთან და შეიძლება, ეს უბრალოდ დამთხვევა იყო. ფაქტია, რომ დიდ ალექსანდრეს დედაზე მნიშვნელოვანი ქალი ცხოვრებაში მაინც არავინ შეხვედრია და ოლიმპიური თამაშებისადმი გულგრილი კი ის არასოდეს ყოფილა. თუმცა ალექსანდრე მაკედონელს, პირადად, ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა არ მიუღია, მიუხედავად იმისა, რომ ოლიმპიადაზე ერთხელ მაინც გამოსვლას (სირბილში მაინც) სულ სთავაზობდნენ. მართალია სირბილსა და ფიზიკურ ვარჯიშს დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა, მაგრამ ალექსანდრეს სურვილი იყო, გონების სავარჯიშოც ისეთივე მნიშვნელოვანი ყოფილიყო ადამიანისთვის, როგორც სხეულის და ისიც ფაქტია, რომ მისი მთავარი უპირატესობა მაინც მისი გონება იყო.

მაშინ ჭადრაკი უკვე გამოგონებული რომ ყოფილიყო, ალბათ ალექსანდრე მაკედონელი მოჭადრაკეებისთვის ოლიმპიადებს გამართავდა (სიამოვნებით) და საჭადრაკო ოლიმპიადაში კი თვითონაც ნამდვილად მიიღებდა მონაწილეობას. ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეოთხე საუკუნეში, ოფიციალური ვერსიით, ჯერ ჭადრაკი გამოგონილი არ იყო, მაგრამ დიდი ალექსანდრე ჭადრაკის სამშობლო ინდოეთისკენ ისე საეჭვოდ მიიწევდა, რომ აშკარად ჩნდება სხვა ვერსიის საფუძველიც. თუმცა ახლა ამაზე დავასა და კამათს აზრი არა აქვს და ფაქტი კი ისიც არის - ალექსანდრე მაკედონელი რასაც ვერ მოესწრო მშობლიურ პალეში, საქართველოს მოქალაქეებს სულ ცოტა ხანში სამშობლოში ექნებათ და 23 სექტემბერს ბათუმში საჭადრაკო ოლიმპიადა დაიწყება.

2018 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა საქართველოში რომ უნდა ჩატარებულიყო, ეს გადაწყვეტილება 2014 წელს ნორვეგიის ქალაქ ტრომსოშო გამართულ ფიდეს კონგრესზე გადაწყდა საბოლოოდ და ვინ და როგორ ჩაგვიწყო ეს ისტორიული ამბავი, მართლა არ ვიცი (ალბათ თეა ყიფშიძემ), მაგრამ ახლა ამას უკვე მნიშვნელობა არა აქვს და ამჯერად მთავარია, ეს საჩუქარი ყველამ ისე გამოვიყენოთ, რომ ყველანი, მთელი მსოფლიო, გავაოგნოთ.

მსოფლიოში, თუ სწორად მახსოვს, 195 ქვეყანაა და, მგონი, ყველა ქვეყნის თითო წარმომადგენელი მაინც გვესტუმრება ამ ოლომპიადაზე და, აბა, სხვა დროს კიდევ როდის გვექნება ასეთი გადასარევი შანსი, ბარემ ყველა ერთად მთელი მსოფლიო აღვაფრთოვანოთ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო მასპინძლობით. ამ ოლიმპიადის ოფიციალური მასპინძელი, რასაკვირველია, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციაა, მაგრამ სინამდვილეში მათი მასპინძლობა საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს ევალება, რაც არცთუ ისე ადვილია როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური მიზეზების გამო.

მართალია, ბათუმში რამდენიმე საუკეთესო სასტუმრო უკვე არსებობს, მაგრამ ნებისმიერ სტუმარს, ძილის გარდა, შეიძლება სხვა მოთხოვნებიც გაუჩნდეს და ღმერთმა დაგვიფაროს, რომელიმე მათგანს სასტუმროს გარეთ, ბათუმის ან რომელიმე სხვა ქალაქის რომელიმე ქუჩაზე, ტუალეტში შესვლა მოუნდეს. რასაკვირველია, მათი გაფრთხილება წინასწარ შეგვიძლია (ყველაფერი მოითავეთ და ჩვენთან ისე ჩამობრძანდით), მაგრამ იმის აღიარება, რომ ჩვენს ქვეყანაში, სადაც ამდენი ტურისტი ჩამოდის ყოველწლიურად, ტუალეტები მაინც არ გვაქვს, მგონი, ცოტა უხერხულია. თუმცა ეს ხალხი, იმედია, ტურისტულად არ მოიქცევა და იმდენს არ შეჭამს და დალევს, რომ ტუალეტი ხშირად და ყველგან დასჭირდეს, მაგრამ მაინც ფრთხილად უნდა ვიყოთ და ის მაინც შევახსენოთ ხოლმე, რომ ისინი აქ (სინამდვილეში) სულ სხვა მიზნებით ჩამოვიდნენ. დიახ, საჭადრაკო ოლიმპიადაში მონაწილე ადამიანის მთავარი მიზანი ჭადრაკის თამაშია და იმის იმედიც უნდა ვიქონიოთ, რომ ბათუმში ჩამობრძანებულ უცხოელ მოჭადრაკეებს სასეირნოდ ძალიან ცოტა დრო დარჩებათ.

სხვათა შორის, უცხოელებმა რომელიმე სხვა ქვეყანაში გამგზავრების წინ იმ რომელიმე სხვა ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოძიებაც იციან ხოლმე (წინასწარ) და ვთქვათ, რომელიმე მათგანმა წინასწარ გაიგო, რომ ჩვენ ვართ (სხვა ბევრ სიკეთესთან ერთად), მაგალითად, ხინკლების ქვეყანაც, როგორ უნდა მიაგნოს სტუმარმა ბათუმში ნამდვილ ხინკალს?!

არათუ ბათუმში, ზოგჯერ თბილისშიც კი ძალიან რთულია ნამდვილი ხინკლის აღმოჩენა, მიუხედავად იმისა, რომ ბათუმშიც, თბილისშიც და საქართველოს სხვა ქალაქებშიც ამ კერძის აღმნიშვნელი სიტყვა უამრავ შენობაზე შეგხვდებათ და პრობლემაც სწორედ ის გახლავთ, რომ ხინკალი (სინამდვილეში), უბრალოდ კერძი კი არა, სრულიად არამიწიერი სიამოვნებაა, რომელიც არა მონღოლებმა, არამედ რომელიღაც უცხოპლანეტელებმა დაგვიტოვეს. ამიტომ ბათუმში, რასაკვირველია, აჭარული ხაჭაპური უნდა შევთავაზოთ მოჭადრაკე სტუმრებს (და სასურველია ცომგაცლილი) და ისიც სასურველია, თბილისიდან ბათუმისკენ მიმავალ გზაზე სადმე ჩურჩხელების დაგემოვნება არ მოინდომონ სტუმრებმა ან ნაზუქები არ დაინახონ ჩუმათელეთში ან სურამის მისადგომებთან.

სურამში დაბადებული ბებიაჩემის ჯადოსნური ნაზუქი ვისაც ახსოვს, ალბათ ჩემსავით ეშლება ნერვები იმის გამო, რომ საქართველოში (ნაზუქების ქვეყანაში) ნაზუქი ნაზუქს აღარ ჰგავს და ჩურჩხელების ქვეყანაში - ჩურჩხელა ჩურჩხელას  და რა გასაკვირია, რომ ბიცოლა ბიცოლას აღარ ჰგავდეს და მამიდა – მამიდას.

თუმცა ჩვენ ჩვენს სტუმრებს საუკეთესო საქართველო უნდა ვაჩვენოთ და საუკეთესო ქართული ღვინოებიც სწორედ იმ დელეგატებს უნდა დავალევინოთ, ვინც ნორვეგიაში, როცა საქართველოს საკითხი წყდებოდა, ჩვენს ქვეყანაში ოლიმპიადის ჩატარებას მხარი არ დაუჭირა. იპოლიტე ხვიჩიასი არ იყოს, მეც ის სუსტები უფრო მაინტერესებს (ის 53 დელეგატი), ვინც მაშინ ხმა არ მოგვცა და მინდა, სწორედ ისინი წავიდნენ საქართველოდან ყველაზე კმაყოფილები და თანაც ისეთი კმაყოფილები, რომ მთელი დარჩენილი ცხოვრება, სინდისის ქენჯნა აწუხებდეთ ნორვეგიაში დაშვებული შეცდომის გამო.

რაც შეეხება იმ 93 დელეგატს, ვინც ხმა მოგვცა და ვისი დამსახურებაცაა მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის საქართველოში ჩატარება, მათ ვინაობას თუ არ გავასაჯაროებთ (მადლიერი ქართველები), მთავარი ბანკეტის თამადას მაინც მივაწოდოთ სია, პერსონალური სადღეგრძელოების წარმოთქმისას შემთხვევით არავინ რომ არ გამორჩეს...