ლანჩი ხუთზე ლანჩხუთში

1920 წელს საქართველოში ევროპის მეორე ინტერნაციონალის დელეგაცია ჩამოვიდა კარლ კაუცკის ხელმძღვანელობით, რომ (როგორც თვითონ თქვეს) ადგილზე და პირადად ენახათ სოციალისტური ექსპერიმენტი, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობამ ჯერ კიდევ 1918 წელს დაიწყო.

ქართველი სოციალ-დემოკრატების (ანუ ქართველი მენშევიკების ქებას) იმ დელეგაციის წევრებმა მერე თავიანთ წიგნებში იმდენი გვერდი და ფურცელი მიუძღვნეს, რომ მათ გახსენებას ბოლომდე, ბათუმის ოლიმპიადამდეც, ვერ მოვასწრებთ.

თუმცა ერთი მაშინდელი საჭადრაკო ამბავი აქ მაინც უნდა მოვიგონოთ და ან კი რა დამავიწყებს იმ საჭადრაკო ტურნირს, რომელიც მაშინ, 1920 წელს, ლანჩხუთში გაიმართა და სტუმართაგან იმ ტურნირში მონაწილე ჯეიმს მაკდონალდმა სწორედ მაშინ იწინასწარმეტყველა ქართველი ქალების მიერ საჭადრაკო მსოფლიოს დაპყრობა.

ის დელეგაცია იყო ჭრელი, მრავალფეროვანი და ზოგჯერ მხიარულიც და დელეგაციის წევრებმა მოიარეს თითქმის მთელი საქართველო იმაში დასარწმუნებლად, რომ მენშევიკების საქართველო ნამდვილად განსხვავდებოდა ბოლშევიკური რუსეთისგან, სადაც ბოლშევიკებს სოციალიზმის აშენება დემოკრატიის გარეშე სურდათ.

საქართველო კი დემოკრატიის აკვანი რომ იყო, ყველაზე კარგად ეს სწორედ მენშევიკებმა იცოდნენ, რადგან ქართველი სოციალ-დემოკრატების უმრავლესობა გურიაში გახლდათ დაბადებული და მათ ბავშვობიდანვე (და თანაც ძალიან კარგად) ახსოვდათ, რომ სწორედ უძველესი გურული სიმღერების მრავალხმიანობა ხსნიდა ქართული ხასიათის ჭეშმარიტად დემოკრატიულ თვისებას.

მოკლედ, იმ დელეგაციაში იყო ერთი ინგლისელი პოლიტიკოსიც, ზემოხსენებული ჯეიმს რამზი მაკდონალდი, რომელიც მერე რამდენჯერმე გახდა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი და რომელმაც მოინდომა ლანჩხუთში ჩასვლაც და ნოე ჟორდანიას დედის მონახულებაც – მადლობა უნდა ვუთხრა ამ ქალბატონს რომ ასეთი კარგი შვილი გაზარდაო და, აბა, ვინ გააკავებდა ბრიტანელ (და თანაც წარმოშობით შოტლანდიელ) ლეიბორისტს?

ნოე ჟორდანიას დედა, რასაკვირველია ძალიან გაახარა ასეთი საპატივცემულო ადამიანის სტუმრობამ და ისე მოხდა, რომ როცა დელეგაცია ლანჩხუთს მიადგა, საღამოს ხუთი საათი სრულდებოდა უკვე და გურულებმაც, პირველ რიგში, რასაკვირველია სუფრა მიაგებეს უცხოელ სტუმრებს. თუმცა სუფრაზე (ღვინის გარდა) ჩაიც დაახვედრეს ჯეიმს მაკდონალდს (ქალბატონ ქრისტინე ჩიქოვანის დაჟინებული მოთხოვნით) და ბრიტანელმა მარქსისტმა (თურმე) ჩაის დანახვისას საათს დახედა (მაშინვე) და ნოე ჟორდანიას დედამაც მაშინვე უთხრა სტუმარს, რომ ინგლისელებისგან განსხვავებით, გურულები ჩას სმას ხუთზე იწყებენ და არა _ ოთხზე. ქალბატონმა ქრისტინემ, მერე ისიც უთხრა სტუმარს, რომ ჩა (ანუ ჩაის სმა) საქართველოს ზოგიერთ კუთხეში ლანჩის დროს ემთხვევა და ამაზე მეტად კი ბატონი მაკდონალდი ქართველი ქალის კარგმა ინგლისურმა გააკვირვა და მან კი არ იცოდა, რომ მთავარი გაკვირვება სტუმარს ჯერ კიდევ წინ ელოდა. ეს მთავარი გაკვირვება კი იყო ჭადრაკი, რომელიც ბრიტანელ პოლიტიკოსს, მგონი, მარქსზე მეტადაც კი უყვარდა, მაგრამ იმ საღამოს მასპინძლებმა სტუმრებს, არა ჭადრაკი, არამედ ჯერ ლოტო შესთავაზეს, რადგან მაშინდელ გურიასა და მთელ საქართველოშიც ლოტოს თამაშს პოპულარობით ვერაფერი შეედრებოდა. ჯეიმს მაკდონალდმა შეთავაზებულ ლოტოზე ზრდილობიანად თქვა უარი და იქვე, იმავე აივანზე, აღმოჩენილი ჭადრაკისკენ ისე გააპარა თვალი, რომ მსოფლიოში ყველაზე სხარტი გურულები, რასაკვირველია, მაშინვე მიხვდნენ, რაც უნდა ექნათ – ახალგაზრდა მეზობელი ქალი, რომელიც ჭადრაკის სიყვარულში იმთავითვე, გათხოვების საწყის ეტაპზევე იყო შემჩნეული, ჟორდანიებთან გადაიპატიჟეს. ინგლისელმა ლეიბორისტმა მაკდონალდმა, რასაკვირველია, გადასარევად იცოდა, რომ 1905 წელს რუსეთის ცარისტული იმპერიისაგან გამოყოფილმა გურიის დემოკრატიულმა რესპუბლიკამ (პირველად მსოფლიოს ისტორიაში) ქალებსაც ისეთივე უფლებები მიანიჭა, როგორც კაცებს, მაგრამ მან არ იცოდა, რომ ახალგათხოვილ ქალებს საქართველოში, `ვეფხისტყაოსანთან~ ერთად, ჭადრაკსაც ატანდნენ მზითევში.

ამიტომაც სტუმარმა, პირველი მატჩის დასაწყისში ცოტა გაღიმებაც კი იკადრა (სხვებისთვის შეუმჩნევლად), მაგრამ მეორე პარტიის დასაწყისშივე მიხვდა, რომ პირველი შეხვედრა შემთხვევით არ წაუგია და ამის შემდეგ კიდევ რვაჯერ დამარცხდა იმ ახალგაზრდა გურულ ქალთან, რომლის გვარიც ისტორიამ (სამწუხაროდ) არ შემოგვინახა. თუმცა ვიცით, რომ მას ერქვა ნინო და, რასაკვირველია, ეს არ იყო ნინო გურიელი და იყო უბრალოდ გურული ნინო, რომლის გამოც ჯეიმს მაკდონალდმა ქართველი ქალების დიდი წარმატება იწინასწარმეტყველა დიდ ჭადრაკში (ჯერ კიდევ 1920 წელს), მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ქალთა შორის საერთაშორისო ტურნირები საერთოდ არ არსებობდა.

ბრიტანელმა პოლიტიკოსმა კი ეს ფრაზა, მეცხრე მარცხის შემდეგ წარმოთქვა – სწორედ მაშინ, როცა მას (აშკარად დამშვიდების მიზნით) უთხრეს, რომ გურიაში, და საქართველოში, ქალები ჭადრაკს კაცებზე უკეთ თამაშობდნენ და ასე დარჩა ლანჩხუთში ლეგენდა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრზე, რომელიც გურულმა ქალმა ნინომ ცხრაჯერ დაამარცხა.

 ხოლო რაც შეეხება ნინო გურიელს, ის ბავშვობაში ჩემი მეზობელი იყო, თუმცა სანამ ჩემი მეზობელი გახდებოდა, უკვე მომწონდა სულ სხვა ქართველი მოჭადრაკე ქალი და ამის შესახებ სხვა დროს იყოს...