კოჯრის ტყის სიზმარი

გავა კიდევ თუნდაც ათასი წელი და მაინც ისევ სიზმარივით გამახსენდება ის საღამო, როცა კოჯორში, პიონერთა ბანაკის ტერიტორიაზე, ერთ ძალიან ლამაზ გოგოს, ერთი ძალიან კეთილი ხის ქვეშ, მოულოდნელად ტუჩებში ვაკოცე.

ის კოცნა მოულოდნელი არამხოლოდ მისთვის, არამედ ჩემთვისაც იყო, რადგან ვიყავი მხოლოდ თორმეტი წლის და მაშინ ამ ასაკის ბიჭები სრულიად განუვითარებლებს ვგავდით. გოგოები კი პირიქით  –  ჩვენთან შედარებით, გაცილებით ადრე დაქალდებოდნენ. ის გოგოც ჩემზე მაღალი იყო. მახსოვს როგორ ავიწიე ფეხის წვერებზე და უცებ ტუჩებში ვაკოცე. მეგონა, რაღაც საშინელება მოხდებოდა საპასუხოდ, მაგრამ არაფერი უთქვამს. მეტიც - მომეჩვენა, თითქოს მასაც მოეწონა ის, რაც მოხდა, მაგრამ კიდევ ერთხელ კოცნა ვეღარ გავუბედე.

ის ბანაკი იყო პიონერული და ჰგავდა ასობით და ათასობით ასეთივე ბანაკს მთელი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე და საბჭოთა ხელისუფლებას, არამხოლოდ დისიდენტებისა და კრიმინალებისთვის, არამედ პიონერებისთვისაც კი, ბანაკები ჰქონდა.

იმ ბანაკებში კი, ძირითადად, იმ ბავშვებს აგზავნიდნენ ხოლმე ის მშობლები, რომელიმე მიზეზის გამო, შვილებთან ერთად, რომელიმე ზაფხულის გატარებას რომ ვერ ახერხებდნენ. ასე აღმოვჩნდი იმ ზაფხულს კოჯრის პიონერთა ბანაკში. თუმცა, კოჯრის ბანაკი იმით განსხვავდებოდა დანარჩენი საბჭოთა ბანაკებისგან, რომ კოჯრის ბანაკის ტერიტორიაზე რამდენიმე ულამაზესი ხეც იდგა და მათ შორის - ჩემი ყველაზე კეთილი ფიჭვიც.

მსოფლიოში არ არსებობდა უფრო კეთილი და გემრიელი ხე. ისეთ საოცარ სუნს გამოსცემდა, ყოველთვის იმ ხის ქვეშ ჯდომა მინდებოდა (დღის ნებისმიერ მონაკვეთში) და როცა ფეხბურთს არ ვთამაშობდი, იქ ვიჯექი ხოლმე და იმ გოგოზე ვფიქრობდი, რომელსაც იმ ფიჭვის ქვეშ ტუჩებში ვაკოცე.

ის გოგო კი მშობლებმა მეორე დღესვე წაიყვანეს სახლში და, რასაკვირველია, არა იმ კოცნის გამო (რომლის შესახებაც მხოლოდ ჩვენ ორმა ვიცოდით). თუმცა ამ დამთხვევამ მაინც იმოქმედა ჩემს ისედაც არამყარ და არაბოლომდე ჩამოყალიბებულ ფსიქიკაზე და ფეხბურთის თამაშის დროს ჯერ სასადილო შენობის ფანჯარა ჩავტეხე (შემთხვევით) და მერე იმ ბიჭს ვეჩხუბე, რომელმაც ფეხი დამიდო და კინაღამ ხელი მომტეხა. არადა, არასოდეს ვყოფილვარ მოჩხუბარი და სულ ტყუილად გადაწყვიტა ბანაკის ადმინისტრაციამ, რომ მე, შეყვარებული პატარა ჰუმანისტი, სხვა პიონერების სიმშვიდისა და კეთილდღეობისთვის საფრთხეს წარმოვადგენდი. ბანაკიდან ისე გამრიცხეს, ჩემს უსაყვარლეს ფიჭვსაც კი ვერ დავემშვიდობე და გაკვირვებული მამაჩემიც თბილისამდე, სახლამდე, მეკითხებოდა, რა დავაშავე და რატომ.

მაშინ მაინც იმდენად პატარა ვიყავი, რომ სამოთხესავით კოჯრიდან ჩემს გამოძევებას რომელიმე აკრძალული ნაყოფის შეცნობას ან პირველი კოცნის გემოს ვერაფრით დავუკავშირებდი და იმ გოგოსაც დიდხანს, ძალიან დიდხანს, ამაოდ ვეძებდი.

მერე, ვერსად რომ ვერ მივაგენი (და ალბათ უფრო იმ ჩემი უასაკობის გამო), ერთადერთი, რაც მოვიფიქრე, ისევ იმ ბანაკში დაბრუნება იყო (ერთი წლის შემდეგ) და როგორც კი სასწავლო წელი დამთავრდა, მამაჩემს კოჯორში გაგზავნა ვთხოვე ზაფხულში. ძალიან კი გაუკვირდა, მაგრამ მაინც არაფერი უკითხავს. თვითონ ავუხსენი მიზეზი და როცა მამაჩემს ვუთხარი, რომ იმ ზაფხულს იმ ბანაკში ჭადრაკის ტურნირი ტარდებდა, სულ ოდნავ გაეღიმა.

მართალია, ერთი წლის შემდეგ კოჯრის იმ ბანაკში ისევ აღმოვჩნდი, მაგრამ ის გოგო, რასაკვირველია, იქ აღარ მინახავს, როგორც ის ხე, რომლის ძირშიც იმ გოგოს ტუჩებში ვაკოცე – ის ფიჭვი ბოლომდე, ძირში, გადაჭრილი დამხვდა.   

რაღა მეჭადრაკებოდა...