ხადრაკი

ესპანეთში ერთი ტკბილი სოფელია, რომელსაც ახლა ხადრაკე ჰქვია, მაგრამ ჩემი სუბიექტური ვარაუდით, თავის დროზე ამ სოფელს, არაბებმა ხადრაკი დაარქვეს და ესპანეთის ნაწილს კი არაბები, თითქმის შვიდი საუკუნის მანძილზე მართავდნენ. მართალია იმ შვიდი საუკუნის მანძილზე, ყოველთვის ვერ მართავდნენ (და მხოლოდ ცდილობდნენ), მაგრამ ერთი სოფლისთვის სახელის დარქმევა, ნამდვილად არ გაუჭირდებოდათ. ხოლო ზემოარაბულად (ერთ-ერთ დიალექტზე) ხადრაკი, ჭადრაკს ნიშნავს და ეს გადაწყვეტილებაც, ალბათ ჭადრაკზე შეყვარებულმა რომელიმე არაბმა მმართველმა მიიღო. თუმცა რამდენიმე საუკუნის შემდეგ (ესპანელებმა რომ არაბები გაისტუმრეს), იმ სოფლის სახელსაც ესპანური დაბოლოება გაუჩნდა, ხოლო კიდევ რამდენიმე საუკუნის შემდეგ კი, იმ ტკბილ და გემრიელ სოფელში, ერთი ტკბილი და მშრომელი ქართველი კაცი აღმოჩნდა. მაინცადამაინც იქ რატომ და როგორ მოხვდა ბატონი ვოვა თავბერიძე, ახლა აღარ მახსოვს, მაგრამ კარგად მახსოვს რომ ჭადრაკს ძალიან კარგად თამაშობდა (ჩემდა სამწუხაროდ) და ძალიან ხშირად მიგებდა. მაშინ, იმ წელს გაკეთებული მძიმე ოპერაციის შემდეგ, ხალხმრავალ მადრიდში გაჩერება, ძალიან მიჭირდა (მიუხედავად ვალდებულებისა) და როგორც კი უნივერსიტეტიდან მათავისუფლებდნენ, ხადრაკეში მივდიოდი ხოლმე. იმ პატარა და საყვარელ სახლში, ხშირად რამდენიმე დღითაც კი დავრჩენილვარ და საღამოობით, გაშლილ საჭადრაკო დაფას ვახვედრებდი ხოლმე შინ დაბრუნებულ ვოვა თავბერიძეს. მიუხედავად იმისა რომ ბატონი ვოვა, სამსახურიდან ზოგჯერ ძალიან დაღლილი ბრუნდებოდა, მაინც ყოველთვის მეთამაშებოდა რამდენიმე პარტიას და მაინც მამარცხებდა. ერთი-ორჯერ მეც მოვუგე, მაგრამ ძირითადად ის იმარჯვებდა ხოლმე (თანაც საკმაოდ დამაჯერებლად) და ერთხელ, ისე შევებრალე, რომ ელიზბარ უბილავასთანაც კი დარეკა და ჩემი დახმარება სთხოვა. არც ვიცოდი რომ მაშინ, ბატონი ელიზბარი, ესპანეთში ცხოვრობდა (ოთხმოცდაათიანი წლების შემდეგ) და შუა თამაშის დროს, უცებ ვოვამ ნომერი აკრიფა და მობილური მე მომაწოდა, - ტელეფონში უკარნახე რა გიჭირს და იქნებ დისტანციურად მაინც გიშველოსო. ვოვა თავბერიძეს არ გაღიმებია (და არც მე) და ბატონ ელიზბარ უბილავას მადლობაც ვუთხარი და ბოდიშიც მოვუხადე, რადგან უკვე ისეთ ცაიტნოტში ვიყავი, რომ შორიდან კი არა, ახლოდანაც ვერავინ ვერაფერს მიშველიდა.


ვერც ვერავინ მიშველა და იმ საღამოს, კიდევ ერთხელ წავაგე და იმ საღამოსვე ჩემი დარდის წარმომავლობის დადგენა და გამოკვლევაც გადავწყვიტე. რასაკვირველია კონკრეტულად საჭადრაკო დარდს ვგულისხმობდი და არა ზოგადად ჩემი ტკივილების ისტორიას (მათი გამოკვლევა შეუძლებელია) და პირველ რიგში იმის გარკვევა მინდოდა თუ როგორ მოხვდა ჭადრაკი საქართველოში. თუ ჭადრაკი მართლა ინდოეთში გამოიგონეს და ინდოელმა ვაჭრებმა კი საცივთან ერთად (ეს გენიალური თამაშიც) შემოიტანეს საქართველოში, მაშინ ბუნებრივად ჩნდება კითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ჰგავს ჭადრაკის ქართული სახელწოდება არა მის შესატყვის ჰინდუზე, არამედ სპარსულ სიტყვას. სპარსულად კი ჭადრაკს, ჩატრანგი ან ჩატრაკი ჰქვია და ლოგიკურია რომ ქართული სიტყვა ჭადრაკი, უფრო ჩატრაკის ცვლილებით მიღებული ტერმინი იყოს და ინდოელებთან ბოდიში, მაგრამ ირანში ახლაც ამტკიცებენ (ზოგიერთები), რომ ეს საოცრება, სწორედ ძველმა სპარსელებმა მოიგონეს. რაც შეეხება ამ სიტყვისა და (შესაბამისად) ამ თამაშის საქართველოში არაბების მიერ გავრცელებას, ეს კიდევ უფრო საკამათო ჩანს, რადგან არაბულად ჭადრაკს შატრანჯი ჰქვია და ნებისმიერ არაბს, რომელიც რომელიმე ქართველს შატრანჯის თამაშს შესთავაზებდა, ერთიდაიგივე პასუხს მიიღებდა:


- შატრანჯი მამაშენს ეთამაშე!


გარდა ამისა, რამდენადაც ისტორიიდან არის ცნობილი, არაბები საქართველოში, არა ჭადრაკის სათამაშოდ და მის გასავრცელებლად, არამედ სულ სხვა მიზნებით მოვიდნენ და ამ არამშვიდობიან მიზანს, არამარტო ქართული, არამედ არაბული წყაროებიც ადასტურებენ.


რაც შეეხება ხადრაკს (ესპანეთში არსებულ ზემოარაბულ ტოპონიმს) - ეს სიტყვაც ალბათ სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ არაბების ნაწილმა, ჭადრაკი, სპარსელებისგან მიიღო და სპარსული სიტყვა იქაც ისე გავრცელდა, როგორც ჩვენში.


კიდევ ერთხელ ბოდიში ინდოელებთან, თუ ჭადრაკის სამშობლო, სინამდვილეში ინდოეთია და აქ კი მათ, ყველაზე ნაკლებად ვახსენებთ და მადლობა კი აუცილებლად ეკუთვნით,  რადგან ჭადრაკის დამსახურებით, საქართველო არაერთხელ გახდა მსოფლიოში უძლიერესი. მსოფლიოს საჭადრაკო სამყარომ, მშვენივრად იცის რომ მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში (რამდენიმე ათეული წლის მანძილზე), საქართველოს მსოფლიოში საუკეთესო მოჭადრაკე ქალები ჰყავდა, მაგრამ ჭადრაკის ყველა ისტორიკოსს, შეიძლება არ ახსოვდეს, რომ მეცხრამეტე საუკუნის საუკეთესო მამაკაცი მოჭადრაკეც საქართველოდან იყო. ეს იყო ანდრია დადიანი – სახელოვანი ქართველი პოეტის, ალექსანდრე ჭავჭავაძის შვილიშვილი, რომელსაც ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი ჰქონდა დამთავრებული, მაგრამ რადგანაც ის გენერალიც გახლდათ, ოფიციალურ მატჩებში მონაწილეობა ეკრძალებოდა (მაშინდელი წესების თანახმად), თორემ ვინ იცის, იქნებ ანდრია დადიანი, ოფიციალურადაც გამხდარიყო მაშინდელი მსოფლიოს ჩემპიონი. არაოფიციალურად კი, მას, არაერთხელ ჰყავდა დამარცხებული მსოფლიოს უძლიერესი მოჭადრაკეები და ამიტომაც უწოდებდნენ დადიანს მაშინდელი მსოფლიოს არაოფიციალურ ჩემპიონს და სწორედ მან გამოსცა პირველი საჭადრაკო წიგნი, სადაც ანდრია დადიანის ასი საუკეთესო პარტიაა შესული და რომელიც მოჭადრაკეებისთვის, ახლაც საუკეთესო სახელმძღვანელოა.


თუმცა, გარდა გენერლობისა, ოფიციალური ჩემპიონობის მისაღწევად, დადიანს (თურმე), სხვა ფაქტორებიც უშლიდნენ ხელს და ყველაზე ხშირად (მისი თანამედროვეების მიხედვით), ანდრია დადიანს, ქალებისადმი განსაკუთრებული ტრფიალის გამო აკრიტიკებდნენ. იმასაც ამბობდნენ რომ ქალების გამო, მოჭადრაკე თავადი, ძალიან უცნაურად, ზოგჯერ კი ძალიან სულელურადაც კი იქცეოდაო და იქნებ ჩემს საჭადრაკო წარუმატებლობასაც იგივე საფუძველი აქვს – რაც მე ქალების გამო, სისულელეები ჩამიდენია...