სამოთხე

როცა ახალგაზრდა ხარ, არც წვიმის გეშინია, არც თოვლის და არც დათვის და ალბათ ამიტომ გადავწყვიტეთ ახალგაზრდობაში ხევსურეთიდან თუშეთისკენ გადასვლა სრულიად უდროოდ.

დრო იმიტომ არ იყო კარგი, რომ გაზაფხულის უამინდობა ჯერ არ გასრულებულიყო მთაში და ბირჟაზეც ვირაცამ პირდაპირ გვიხრა – ახლა რომ ხევსურეთიდან თუშეთში გადახვიდეთ, ნაღდად დათვი შეგხვდებათო.

მაინც წავედით.

სხვები აღარ წამოვიდნენ და მე და ირაკლი ცინცაძე კი, მაინც წავედით.

ჩემი ბავშვობის მეგობარს, ირაკლი ცინცაძეს, ბავშობიდანვე ორი სახელი ერქვა და ზოგჯერ ვაჟასაც ვეძახდით ხოლმე და მოკლედ მე და ვაჟა-ირაკლი მაინც წავედით.

დაგეგმილი გვქონდა შატილში ჩასვლა და მერე იქიდან არდოტის გავლით ანწუხის უღელტეხილამდე მიღწევა, მაგრამ დათვიჯვარზე ასულებმა, მარშრუტი შევცვალეთ და მეორე დღეს ხახაბოში აღმოვჩნდით.

ხახაბოში მაშინ, ჯერ კიდევ ცხოვრობდა ხალხი და ასე გათოშილები რომ დაგვინახეს, მაშინვე მშვენიერი ოთახი გამოგვიყვეს ერთ-ერთ ხევსურულ სახლში და გზისგან დაღლილები, ჩვენც სიხარულით დავბინავდით.

სოფელს, საერთო და საზიარო ლუდი ჰქონდა წინა დღეს მოხარშული და ყოველ დილით, მორიდებით გვიკაკუნებდნენ და ჩვენს ოთახში ის ჯადოსნური ლუდი, ჯამით ერბო და ხინკალი შემოჰქონდათ.

ჩვენც მორიდებით ვამბობდით მადლობას და მერე ვამბობდით პირველ სადრეგრძელოს ხევსურული ლუდით და მერე კი ვიღებდით პირველ ხინკალს.

ხინკლის ჩაკბეჩისჩანავე, შიგნით ვასხამდით იმ შემოტანილი ჯამიდან კოვზით ამოღებულ ერბოს და მივფრინავდით.

გაფრენა ოთახიდან გაუსვლელადაც რომ შეიძლება, ეს მაშინ იქ აღმოვაჩინეთ და ალბათ სხვებიც ჩვენსავით გაფრინდებოდნენ, ისეთივე ლუდი, ერბო და ხინკალი რომ ჰქონოდათ.

იმ რამდენიმე დღის მანძილზე, ხახაბოში რომ გავატარეთ და ოთახიდან გაუსვლელად, ღია კოსმოსში გავდიოდით (ძალიან თავისუფლად), ერთადერთი, რაც უკან გვაბრუნებდა, ჭადრაკი იყო, რომელიც პირველივე დღეს, იმ ოთახში აღმოვაჩინეთ.

აუცილებელი სადღეგრძელოების მერე, დაფას გავშლიდით ხოლმე და ჭადრაკის თამაშს ვიწყებდით და წაგებულს სიმღერა ევალებოდა. მართალია მოგების შემთხვევაში, შემეძლო იქვე გადავწოლილიყავი, ხელები თავქვეშ ამომედო და დამარცხებულისთვის მომესმინა, მაგრამ როგორც წესი, ვაჟა-ირაკლის მეც ავყვებოდი ხოლმე და მოდი და ნუ აყვებოდი ასეთი ლუდის, ერბოსა და ხინკლის მერე.

მე თუ მიწევდა სიმღერა, ისიც ვერ იკავებდა თავს და ირაკლიც ამყვებოდა ხოლმე და როცა გარეთ თოვდა ან წვიმდა, ჩვენი ოთახიდან (მაშინაც კი) სიმღერის ხმა გამოდიოდა. სტუდენტი, ისედაც თავქარიანს ნიშნავდა მაშინდელ საქართველოში (როგორც მანამდე პოეტი), მაგრამ ხევსურებს რა გაუკვირდებოდათ, როცა არა მარტო ქართული, არამედ მსოფლიო ლიტერატურაც ზეპირად იციან და წიგნები, ცხენებზე მეტად უყვართ.

ცხენები, კი ვნახე იმ დღესვე, როგორც კი გამოიდარა და ისე მომინდა ცხენის გაჭენება, რომ არც კი დავფიქრდი შემეძლო თუ არა ამის კარგად გაკეთება (და არც იმ ცხენის პატრონის ძებნა დამიწყია ნებართვისთვის), ისე შემოვახტი ერთ-ერთ მათგანს. L

ლუდი და მზე ისე მსიამოვნებდა, რომ აღარც კი მახსოვს, როდის დავანებე თავი ცხენს ან პირიქით, მან დამანება თავი და სადაც დამტოვა, იქვე ჩამეძინა კიდეც.

რამდენ ხანს მეძინა, არ ვიცი, მაგრამ მახსოვს რომ სწორედ ისეთ მდელოზე გამეღვიძა, რომელიც ჰგავდა ადგილს, სადაც ბევრი წლის შემდეგ, კლინიკური სიკვდილის დროს აღმოვჩნდი. ის დიდი სინათლეც (გვირაბის ბოლოს), იმ დიდ ხევსურულ მზეს ჰგავდა, თვალის გახელისთანავე რომ დავინახე და სახეც ისე დამეწვა, რომ ირაკლიმ, მგონი იმ ლაპლაპის მიხედვით მომაგნო.

იმ ბევრი წლის მერე კი, ის კლინიკური სიკვდილი რომ მომადგა (მოულოდნელად) და იმ ადგილს რომ მივადექი (თუ მიმაყენეს), საიდანაც არჩევანი უნდა გამეკეთებინა (თუ გაეკეთებინათ), რასაკვირველია ხახაბო გამახსენდა. ხახაბო ალბათ იმიტომ გამახსენდა რომ ჩემმა ტვინმა გადაწყვიტა მაინც სამოთხის სასარგებლოდ გაეკეთებინა არჩევანი (და არა ჯოჯოხეთის) და ქვეცნობიერს კი ახსოვდა რომ ხახაბო იყო სწორედ ისეთი, როგორიც შეიძლებოდა სამოთხე წარმომედგინა. ალბათ ახალგაზრდული ასაკის ბრალიც იყო, რომ ასე გულუბრყვილოდ მეგონა (და თანაც კარგა ხანს), რომ სამოთხეში სწორედ ის ხდებოდა, რაც მე და ირაკლის, ხევსურებმა დაგვახვედრეს ხახაბოში - დილიდან ლუდი და ხინკალი და მერე კი ჭადრაკი და წიგნები ტკბილი ძილის წინ.

მართალია ირაკლი ცინცაძე იმთავითვე, ბაშვობიდანვე ძალიან ჭკვიანი იყო და იქაც, მაშინაც, ძირითადად ის იგებდა, მაგრამ ალბათ ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა ჭადრაკში წაგების გამო, არ ვბრაზდებოდი და თუ უკვე სამოთხეში ხარ, რა მნიშვნელობა აქვს, წააგებ თუ მოიგებ.

თუმცა მაშინ, იმ კლინიკური სიკვდილის დროს (როგორც ზემოთ აღვნიშნე), არა მხოლოდ სამოთხის, ჯოჯოხეთის მისადგომებთანაც მიმაყენეს, მაგრამ იქ რა ხდებოდა, ამაზე სხვა დროს იყოს...