ღომი და ჭადრაკი

იმ მრავალტანჯულ ახალგაზრდობაში ერთი პატარა მოთხრობა მაქვს დაწერილი, რომელსაც „ღომი და მშვიდობა“ ჰქვია, თუმცა ის მაინც მოთხრობა და დიდი წიგნის სათაურის ექოა და ეს კი - ნამდვილი ამბავი და ჩემი პირადი ჭადრაკის ისტორია. 

ჩემი ბავშვობის ჭადრაკის დღე, ძირითადად, ღომის დღესასწაულს ემთხვეოდა, რადგან მამაჩემი ჭადრაკს, უმეტესად, კვირაობით მეთამაშებოდა ხოლმე, დედაჩემი კი ღომს, ძირითადად, კვირაობით აკეთებდა. ეს იყო ოჯახური ტრადიცია, რომელიც დედაჩემს ჩემი მეგრელი ბებიისგან მემკვიდრეობით გადმოეცა და ეს ტრადიცია (გარკვეულწილად) გულისხმობდა სამეგრელოსთან ევქარისტული კავშირის აღდგენასაც, რადგან მრავალი ათეული წლის მანძილზე ბებიაჩემი თბილისში, საბურთალოზე, ცხოვრობდა და მშობლიური სამეგრელოს გარეშე მართლა ძალიან უჭირდა.

როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, ჩვენს ოჯახში ყოველი კვირა არა მხოლოდ ღომის, არამედ ჭადრაკის დღეც იყო, რადგან მაშინ, ახლანდელი მოწაფეებისგან განსხვავებით, ჩვენ შაბათობითაც დავდიოდით ხოლმე სკოლაში და ამიტომაც კვირის გარდა (ნებისმიერ სხვა დღეს) ნებისმიერი სხვა გართობა შინ აკრძალული გვქონდა. ბოლომდე რომ სიმართლე ვთქვა, ცხონებული მამაჩემი არც ისეთი მკაცრი იყო (როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანდა), თუმცა სხვა დღეებში ჭადრაკი რომ გვეთამაშოს, ესეც იშვიათად მახსენდება. ასე რომ, მამაჩემისთვის საშინაო ჭადრაკის დღე ნამდვილად კვირა იყო.

რადგან იმავე კვირა-დღეს დედაჩემს (მამაჩემისაგან განსხვავებით) ღომის დადგმის აუცილებელი და წმინდა რიტუალი უნდა შეესრულებინა და მე კი ამ ორივე (თითქმის პარალელური) პროცესის თანამონაწილე ვიყავი, ჩემს ქვეცნობიერში ისინი სამუდამოდ დაუკავშირდნენ ერთმანეთს და როცა ჭადრაკს ვხედავ ხოლმე, ყოველთვის ღომი მახსენდება, ხოლო როცა ღომს ვჭამ, საჭადრაკო სვლებზე ვფიქრობ. ამ თვალსაზრისით, ალბათ ძალიან ვგავარ ერთი მეცნიერის, ვინმე პავლოვის, მიერ გაწვრთნილ ერთ-ერთ ძაღლს, რომელზეც სულ სხვანაირ ექსპერიმენტებს ატარებდნენ, თუმცა შედეგი იგივე მიიღეს – იმ დღეს, როცა ღომი მაქვს ნაჭამი, ჭადრაკში ჩემი დამარცხება, უბრალოდ, შეუძლებელია, მაგრამ თუ ჭადრაკს ვთამაშობ და ღომი მენატრება, ნებისმიერი გამვლელი სულ ადვილად დამამარცხებს.

სკოლის ჩემპიონიც ბავშვობაში ღომის წყალობით გავხდი. ჩვენი სკოლის ჩემპიონატი ნებისმიერ სხვა დღეს რომ ჩაეტარებინათ (და არა კვირას), რასაკვირველია, სხვა გახდებოდა ჩემპიონი და არა - მე. არადა, ვინ გამაკავებდა იმ კვირა-დღეს, როცა დედაჩემმა დილიდანვე სულგუნით გატენილი ღომი მომაფინა და ასეთი ბედნიერი გამისტუმრა სკოლის მიმართულებით?! სასკოლო ტურნირს ატარებდა თავად ზურაბ აზმაიფარაშვილი, როგორც მოწვეული ნამდვილი მოჭადრაკე. ბატონმა ზურაბმა ჯერ ყველას სათითაოდ ჩამოგვართვა ხელი, მერე კი ყველას წარმატებები გვისურვა.

ჩვენ, ქალაქ თბილისის 57-ე საშუალო სკოლის რამდენიმე ათეული მოწაფე (ვისაც ჭადრაკში სკოლის ჩემპიონობა გვსურდა) ერთმანეთს სიამოვნებით დავეძგერეთ და ისტორიული ტურნირიც დაიწყო. დასაწყისში (მიუხედავად ღომის მიღებისა) საბოლოოდ მაინც არ ვიყავი დარწმუნებული, რომ მოვიგებდი (იმ ისტორიულ ტურნირს) და სკოლის ჩემპიონიც გავხდებოდი, მაგრამ ნელ-ნელა, ნახევარფინალს რომ მივუახლოვდი (ოლიმპიური სისტემისა და ზღაპრული ღომის წყალობით), ისე გავთამამდი, ფინალშიც გავედი და ფინალში კი გოგი ბაზღაძე შემხვდა. ბაზღაძე ჩემზე ერთი წლით უფროსი იყო და წინასწარვე (იმთავითვე) მიიჩნეოდა ტურნირის აღიარებულ ლიდერად და მომავალ გამარჯვებულად და რაღაც მომენტში მეორე ადგილზეც კი დავიწყე ფიქრი, თუმცა შუა თამაშის დროს გოგი ბაზღაძე ძირს ჩავარდნილი პაიკის ასაღებად დაიხარა და კარგა ხანს ზემოთ აღარ ამოვიდა.

ველოდე, ველოდე და რომ აღარ გამოჩნდა, მეც მაგიდის ქვეშ ჩავძვერი და თვალებს ძლივს დავუჯერე - არა შემთხვევით ძირს ჩავარდნილი, არამედ (სინამდვილეში) განზრახ ძირს ჩაგდებული პაიკით ხელში ბაზღაძე იატაკზე იჯდა გაღიმებული და, როგორც აღმოჩნდა, მე მელოდა.  

იქნებ მომაგებინოო - უცებ ისე მითხრა, რომ კინაღამ მართლა დავთმე ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი საჭადრაკო პარტია (რაღაც წამის მეასედში), თუმცა მაშინვე გონს მოვეგე და ისე გავუღიმე გოგი ბაზღაძეს, რომ, მგონი, უთქმელადაც მიხვდა, რა კოსმიურ ღომს ამზადებდა დედაჩემი, რომელსაც ეს მეგრული ტალანტი, ბებიაჩემისაგან, მემკვიდრეობით ერგო.

ის ტურნირი კი იმიტომ იყო ისტორიული, რომ თბილისის 57-ე საშუალო სკოლაში საჭადრაკო ჩემპიონატი მხოლოდ ერთხელ ჩატარდა (ამ სკოლის ისტორიაში) და იმ ერთადერთი ტურნირის გამარჯვებული კი მე გავხდი. შესაბამისად, 57-ე სკოლის ჩემპიონი დღემდე მე ვარ.

როგორც გამარჯვებულს, სპეციალური პრიზი (ანატოლი კარპოვის ავტობიოგრაფიული წიგნი რუსულად) ზურაბ აზმაიფარაშვილმა საზეიმო ვითარებაში (და პირადად მე) ვერ გადმომცა, რადგან პრიზიორების დაჯილდოება, სულ სხვა დღეს დანიშნეს და იმ სხვა დღეს მე უკვე ავად ვიყავი.

სწორედ მაშინ, ლოგინში მწოლიარემ, ჩემი ცხოვრების პირველი კომერციული გადაწყვეტილება მივიღე.

რადგან ჩემი მშობლები მდიდრები არ იყვნენ (არასოდეს) და არც არასდროს მანებივრებდნენ ბევრი ფულის ჩუქებით, გადავწყვიტე, საკუთარ ფინანსურ შემოსავლებზე თავად მეზრუნა. ჭადრაკის გზით ფულის შოვნის იდეაც სწორედ მაშინ გამიჩნდა. იდეა იყო მარტივი – უნდა დამეწყო ჭადრაკის თამაში ეგრეთ წოდებულ მაზიანებზე, რაც ნიშნავდა იმას, რომ წაგებულს ჩემთვის (ანუ მოგებულისა და გამარჯვებულისათვის) გარკვეული თანხა უნდა გადაეხადა (წინასწარ შეთანხმებული რაოდენობით). ახლა საჭირო იყო იმ ნორჩი მოჭადრაკის მოძებნა, ვინც ფულზე თამაშს დამთანხმდებოდა.

ჩემსავით ნორჩი, მაგრამ ისეთი მდიდარი მშობლების შვილი, რომელსაც ჭადრაკი იმდენად უყვარდა, რომ წაგებული თუმნიანის გადახდა არ დაენანებოდა ჩემთვის ძნელი მოსაძებნი აღმოჩნდა (კარგა ხანს) და ამიტომაც კარგა ხანს ვერ შევიძინე სუზი კვატროს პლაკატი, რომელიც სწორედ ათი მანეთი ღირდა...