ჭადრაკი და სუზი კვატრო

სუზი კვატროზე ლამაზი მსოფლიოში არავინ მეგონა და კრის ნორმანზე მეტად არავისი მშურდა, რადგან იმ სიმღერის შესრულებისას, რომელსაც ცხონებული ევგენი მაჭავარიანი გვთავაზობდა ხოლმე (თავის ისტორიულ გადაცემაში), ჩემი შეყვარებული სუზის გვერდით, სწორედ უბედნიერესი კრის ნორმანი იდგა.

არადა, მეც მინდოდა ჩემი წილი ბედნიერების მაშინვე, ბავშვობაშივე, მიღება და ამიტომაც გამიჩნდა კომერციული ჭადრაკის იდეა, რომელიც ძალიან მარტივი იყო – ჩემ მიერ დამარცხებულ მოწინააღდეგეს ჩემთვის უნდა გადაეხადა ათი მანეთი, ზუსტად იმდენი, რამდენიც სუზი კვატროს პლაკატი ღირდა. მაშინ სიტყვა პოსტერს, საერთოდ არ ვხმარობდით და პლაკატის ქართული შესატყვისი კი, უბრალოდ, არ გვქონდა, ისევე როგორც არ მქონდა ათი მანეთი იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩემი მშობლების ღრმა რწმენით, ფულს ადამიანის გარყვნა ბავშვობიდანვე შეეძლო. რასაკვირველია, მეც შემეძლო იმ ათი მანეთის მოგროვება (სუზი კვატროს გამო), მაგრამ ავირჩიე მარტივი და სწრაფი, კომერციული ჭადრაკის გზა და პირველს ჩემ თანაკლასელ კახა სალიას შევთავაზე კომერციული პარტია, რომელსაც სწორედ იმ დღეს შარვლის ჯიბიდან წითელი თუმნიანი ამოუვარდა. სალია (სწორედ ასე, გვარებით მივმართავდით ხოლმე ბავშვები ერთმანეთს საბჭოთა სკოლებში) ისე ზანტად დაიხარა ფულის ასაღებად რომ მაშინვე მივხვდი, რა ადვილად დათმობდა წაგებულ ათ მანეთს იმის იმედით, რომ მამამისი ახალ თუმნიანს აჩუქებდა (თუნდაც დასამშვიდებლად) და თანაც, შესაძლოა, კიდევ უფრო გატკიცინებულს.

ამიტომაც, მაშინვე, კახას ჩემი პირობა ავუხსენი და ისიც ვუთხარი, თუ რისთვის მჭირდებოდა ეს ფული და, რასაკვირველია, ისიც მკითხა, რას მივცემდი იმ შემთხვევაში, თუ ის მოიგებდა (ამ კომერციულ მატჩს) და არა - მე.

ჩამოვუთვალე, რაც გამაჩნდა: ფრანც ბეკენბაუერის პლაკატი, საბჭოთა ველოსიპედი „არლეონოკი“, პოლონური საღეჭი რეზინები, ხაშურის საგალანტერიო ფაბრიკაში შეკერილი ჯინსები, სათამაშო საჭე „ზა რულიომ“, კიევის საეჭვო ბოტასები და ქუთაისში დამზადებული ადიდას ზედა-ქვედა.

ამოირჩიე-მეთქი.

გარდა იმისა, რომ ჩემი კლასელი იყო, კახა სალია ჩემი მეგობარიც გახლდათ და ამიტომაც ჩემი ოთახის კედელზე გაკრული ფრანც ბეკენბაუერის დიდი და ფერადი პლაკატიც ნანახი ჰქონდა (თანაც არაერთხელ) და, რასაკვირველია, ბეკენბაუერი აირჩია.

სუზი კვატროს პლაკატი იყიდებოდა მიწისქვეშა გადასასვლეში, ჭავჭავაძეზე, მეცხრე საავადმყოფოსთან, სადაც რამდენიმე პატარა მაღაზია იყო და მათ შორის - მუსიკალურიც. სუზი კვატროს იმ გადიდებულ ფოტოზე ტყავის შარვალი ეცვა და გიტარა ჰქონდა გადაკიდებული და ისეთი ლამაზი იყო, ვიდექი ხოლმე და რომ ვუყურებდი, მეტირებოდა.

ტირილი მაშინაც მომინდა, კახა სალიამ ის კომერციული მატჩი რომ მომიგო და როცა მივხვდი - ვერც სუზი კვატროს პლაკატს ვყიდულობდი და ბეკენბაუერსაც ვკარგავდი და აკი გამაფრთხილა კიდეც ასევე ჩვენმა თანაკლასელმა და მეგობარმა გიორგი კიკნაძემ - მაგას მეგრული ტვინი აქვს და მოგიგებსო. თამაშის წინ თავს იმით ვიმშვიდებდი, რაც მაშინ ჟორასაც ვუთხარი - დედით ხომ მეც მეგრელი ვარ-მეთქი და გიორგიმ მითხრა - სალიას დედაც მეგრელი ჰყავს და მამაც და თანაც შენ სკოლის ჩემპიონი ხარ და არ დაგინდობსო.

კახა სალიამ არ დამინდო და ვერც კი გავიგე, ისე სწრაფად მომიკლა ჯერ მხედარი, მერე კუ და ბოლოს ეტლიც და ეტყობა, სუზი კვატროზე დარდმა და ფიქრმა გონება დამიბნელა და ჩემი დედოფლის ჯერიც რომ დადგა, ცრემლებისაგან თავი ძლივს შევიკავე. ასევე ჩვენმა მეგობარმა და თანაკლასელმა გოჩა კუხალაშვილმა, ვის ბინაშიც ის კომერციული მატჩი იმართებოდა, ჩემს უიმედო მდგომარეობას რომ დახედა (საჭადრაკო დაფაზე), სულ რომ არ გაღიმებია, ისე მითხრა - ახლა ეგ შენი დარჩენილი პაიკები, სადაც გინდა, იქ შეიტენეო.

არც მე გამღიმებია არც იმ დღეს და არც მეორე დღეს, როცა ჩემი ოთახის კედლიდან ჩამოხსნილი ბეკენბაუერის პლაკატი კახა სალიას მივუტანე და წაგებულის ჩაბარება რომ აუცილებელი და წმინდა საქმე იყო, საბჭოთა საქართველოში ნებისმიერმა ბავშვმაც იცოდა, მაგრამ კახა სალია, ჭკვიანის გარდა, კეთილიც აღმოჩნდა (თანაც ძალიან) და ბეკენბაუერის სანაცვლოდ, და წილ, სუზი კვატრო დამახვედრა.

ჩემთვის რომ არაფერი უთქვამს ისე, წავიდა, მიყიდა იმ მიწისქვეშა გადასასვლელში და მაჩუქა...

რასაკვირველია, ძალიან შემიყვარდა.

თუმცა დამარცხებას ვერ შევიყვარებდი და ვერ შევეგუებოდი და კახასაც კიდევ ერთხელ შევუჩნდი, კიდევ ვითამაშოთ-მეთქი. ჩვენ შორის ყველაზე ნათელმა გიორგი კიკნაძემ კი მაშინ ნაწყენი ხმით თქვა - უხერხულია, ერთმანეთს ფულზე ვეთამაშოთ და სხვა რამე მოვიფიქროთო. მერე გამოსავალიც თვითონვე მოიფიქრა და ლოგიკურიც იყო - ჭადრაკი არა ფულზე, არამედ წიგნებზე უნდა  გვეთამაშა.

პირველი წიგნი, რომელიც კახა სალიას იმ ზამთარს მოვუგე, ერიხ მარია რემარკის „სამი მეგობარი“ იყო და მერე ამ წიგნს იმდენი საჭადრაკო ნადავლი  მოჰყვა და სალიების სახლში ისე საგრძნობლად შემცირდა წიგნების რაოდენობა, რომ კახა (უნებლიედ) წიგნების შეთხელებულ თაროებს თვალს არიდებდა.

ერთხელ, ჩანთით რომ წამოვიღე მოგებული წიგნები, გარეთ გამოსულმა კმაყოფილმა მიმოვიხედე. აღმოვაჩინე, რომ უკვე გაზაფხული იყო და თბილისის ქუჩებში (როგორც ბატონი ნუგზარ ჯუღელი იტყოდა) ისეთი საფეხბურთო ამინდი იდგა, მაშინვე მივხვდი – აღარ მეჭადრაკებოდა...

პ.ს. ბევრი წლის შემდეგ, როცა ლონდონში კიდევ ერთ ჩვენს კლასელსა და მეგობარს, გიო ახვლედიანს (იგივე აკა მორჩილაძეს), პიკადილზე (დათქმულ ადგილას) შევხვდი და თბილისიდან წაღებული სიგარეტები გადავეცი, გიომ (მადლიერების ნიშნად) ჩვენი ბავშვობა გაიხსენა და იქვე ღიმილით მითხრა - თუ გინდა, შენს ძველ შეყვარებულს მივადგეთ, ზუსტად ვიცი, სუზი კვატრო სადაც ცხოვრობსო.

კიდევ კარგი, არ მივადექით...