სერენადა

წაგება არ მიყვარს (არც ჭადრაკში), მაგრამ როგორ შეიძლება, ჭადრაკის თამაში კარგად ვიცოდე (და ბევრს მოვუგო), თუ ჭადრაკის გაკვეთილს (ჭადრაკის წრეზე), მაშინდელ პიონერთა სასახლეში, მხოლოდ ერთხელ დავესწარი და ამიტომაც რა გასაკვირია, რომ მინდა, სწორედ იმ ადამიანს ვეთამაშო ხოლმე, ვისი დამარცხებაც ნამდვილად შემიძლია. ჩემს საჭადრაკო ცხოვრებაში ასეთი პარტნიორი არსებობს კიდეც. მოქალაქე გოჩა აბაშიძე, ჩემგან განსხვავებით, დიდხანს და მონდომებით დადიოდა ჭადრაკზე (ბატონ პავლე ხიზანიშვილთან), მაგრამ წლების განმავლობაში მან არ ისწავლა ის, რაც მე ერთ დღეში ვისწავლე მაშინ (ბატონ შოთა ინწკირველთან) და აგერ უკვე მერამდენე წელია (მას, გოჩა აბაშიძეს), ძალიან უხერხული ანგარიშით ვუგებ. არადა, გოჩა აბაშიძე (რადგან მისი მწვრთნელი უკვე გარდაცვლილია) ზოგჯერ საჭადრაკო ეტიუდებსაც კი დამოუკიდებლად ამზადებს და (პიპინია ერისთავისა არ იყოს) საკუთარ თავზეც მუშაობს, ზოგჯერ ვარჯიშობს კიდეც და მატჩების დროს საჭადრაკო ტერმინებსაც იყენებს (მაგალითად „სიცილიური დაცვა“ ან რომელიღაც „გამბიტი“), მაგრამ თამაშებს მაინც უმოწყალოდ აგებს, რადგან ის არ აკეთებს მთავარს, რაც ჭადრაკს სჭირდება - ის არ ფიქრობს.

მიუხედავად იმისა რომ გოჩა აბაშიძისაგან განსხვავებით მე მხოლოდ ერთი დღე ვიარე ჭადრაკზე, სწორედ ის მთავარი ვისწავლე, რაც არა მხოლოდ ჭადრაკში მჭირდება და რასაც არა მხოლოდ ჭადრაკში ვიყენებ – ვცდილობ, რომ ყოველთვის, ყველგან და ყველაფერში, გამუდმებით ვიფიქრო. სწორედ ჭადრაკის დამსახურება მგონია, სულ რომ ვფიქრობ და შეიძლება ხშირად შეცდომით, მაგრამ მთავარი მაინც ფიქრი მგონია. ადამიანი, რომელიც არ ფიქრობს, საბჭოური ცნობიერების მემკვიდრედ მიმაჩნია, რადგან საბჭოთა კავშირში ადამიანებს სწორედ იმისკენ უბიძგებდნენ, არ ეფიქრათ და მათ ნაცვლად ეს სხვებს გაეკეთებინათ და აკეთებდნენ კიდეც. ამიტომაც საბჭოთა ადამიანები ინსტინქტებით უფრო ცხოვრობდნენ და ახლაც, ინერციით, ასევე აგრძელებენ ცხოვრებას. ადამიანის მთავარი უპირატესობა კი, რასაკვირველია, აზროვნება და ფიქრია და ამით განსხვავდება კიდეც ის დედამიწაზე არსებული სხვა სულიერი არსებებისგან.

გოჩა აბაშიძესაც ჩემს ხარჯზე უნდა ჩემი დამარცხება და ყოველ მატჩში იმის იმედი აქვს, რომ რაღაც შემეშლება ან რომელიმე ფიგურას დაუცველად და უყურადღებოდ დავტოვებ და ის კი უცებ მიეპარება იმ ჩემს მიტოვებულ ფიგურას, მუხანათურად მომიკლავს და უპირატესობასაც დაეუფლება. არადა, მას სულ ადვილად შეუძლია ჩემი დამარცხება, თუ ჭადრაკის იმ სახელმძღვანელოს (რომელიც მე თვითონ ვაჩუქე, სხვათა შორის) ერთხელ მაინც გადაშლის, ისწავლის და იშრომებს, მოინდომებს და იმეცადინებს და არ დაელოდება იმას, რასაც უამრავი ქართველი დღემდე ელის. დღემდე იმ ბირჟაზე, სადაც ბავშვობასა და სიჭაბუკეში ვიდექი ხოლმე, ახლაც, რამდენიმე ათეული წლის შემდეგაც კი, ისევ მხვდება ხოლმე ადამიანი, რომელიც ისევ იქ დგას და რამდენჯერაც მოვიკითხავ, იმდენჯერვე მპასუხობს, რომ რაღაცას ელის.

რასაკვირველია, ის ელის მეგობრის, ახლობლის ან ახლო ნათესავის ისეთ თანამდებობაზე დანიშვნას, რომელიც მერე მას კარგ სამსახურს გაუკეთებს, რაც კარგ ხელფასს ნიშნავს ან იმის შანსს მისცემს, რომ ამან (როგორც თვითონ ამბობენ) კიდევ რაღაც იჩალიჩოს. ზუსტად ეს სიტყვა რამდენჯერ მომისმენია იმ ადამიანებისაგან, რომლებსაც საბჭოთა კავშირმა სამწუხარო მენტალური მემკვიდრეობა დაუტოვა - თითქოს ადამიანის წარმატება და ბედნიერება, დამოკიდებულია არა საკუთარ შესაძლებლობებზე, არამედ ვიღაც კეთილ პატრონზე, ვინც ცხოვრება უნდა ჩაუწყოს მას და ამ ჩაწყობის მოლოდინში კი მთელი ცხოვრება გადის...

ხოლო თუ მოქალაქე გოჩა აბაშიძე ჩუმად მაინც მეცადინეობს და მაინც ვერ მიგებს, ეს იმას ნიშნავს, რომ მეცადინეობას უნდა მოუმატოს და უკეთესი წიგნები მოძებნოს, რადგან ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პავლე ხიზანიშვილის მერიდება და რამდენჯერ მიფიქრია კიდეც, მის საფლავზე მივიდე და ბოდიში მოვიხადო, მაგრამ იქვე რომ (შემთხვევით აღმოჩენილმა) მისმა რომელიმე ჭირისუფალმა ანგარიში მკითხოს, სიმართლე ვუთხრა?

ტყუილის თქმა ძალიან მიჭირს და ბატონ პავლეს კი როგორ უნდა შევაპარო, რომ მის აღზრდილ გოჩა აბაშიძეს ზოგჯერ ოცით ნულსაც კი ვუგებ ხოლმე და მეორედ ხომ არ მოვკლავ უკვე გარდაცვლილ, ღვაწლმოსილ მწვრთნელსა და პედაგოგს და მითუმეტეს ხომ ვერასოდეს წამომცდება (მითუმეტეს, მის საფლავთან), რომ ერთხელ ჩემს ბედნიერ პარტნიორს ორმოცდასამით ნული მოვუგე.

გოჩა აბაშიძეზე ბედნიერი კი მართლა არავინ მეგულება დედამიწის ზურგზე. მიუხედავად იმისა, რომ ნახევარ მსოფლიოს თუ არა, თითქმის ნახევარ საქართველოს მაინც, პირადად ვიცნობ და, განა, სხვა არ ვიცი და არ მინახავს, საბჭოური ინერციით, მხოლოდ ინსტინქტებით ცხოვრობდეს, მაგრამ ზედიზედ ოცჯერ წაგების შემდეგ სახლში რომ წახვალ და (რომელიმე გვერდზე გადაბრუნებული) ტკბილად დაიძინებ, მართლა უბედნიერესი ადამიანი ხარ.

მართლა მინდოდა ერთხელ მისი მეუღლისთვის (ნინო ცხაკაიასთვის) პირდაპირ მეკითხა, თუ (კონკრეტულად) რომელ გვერდზე წევს ღამ-ღამობით გოჩა აბაშიძე და სინამდვილეში როგორ ძინავს და თუ ბორგავს მაინც ძილის დროს, მაგრამ მომერიდა, რადგან სწორედ ქალბატონი ნინოს დამსახურებაა, რომ მის უბედნიერეს ქმარს ასე წარმატებით ვანადგურებ უსაათო ჭადრაკში (სხვათა შორის, ერთხელ აიჩემა კიდეც - ჭადრაკის სასახლეში წამომყევი, საათი ჩავრთოთ და ისე ვითამაშოთო და მართლა მივედით, მაგრამ ძალიან მალე, ისეთ დღეში აღმოჩნდა, მეც კი მეკითხებოდა, შემთხვევით ხომ არ ვიცოდი ამ საათის გამომგონებლის დედის სახელი).

ნინო ცხაკაიას დამსახურება კი ის არის, რომ ერთხელ, სრულიად შემთხვევით, ძვირფასი ქმრის ერთ უცნაურ სისუსტეზე ისეთი ფრაზა წამოცდა, რომელსაც თითქმის ყოველი მატჩის დროს წარმატებით ვიყენებ ხოლმე და ჩვენი ნებისმიერი საჭადრაკო შეხვედრის დროს მახსენდება, რომ გოჩას მწვრთნელი პავლე ხიზანიშვილი იყო და ჩემი კი - თვითონ ბატონი ნინო. ასე გამოდის...

რასაკირველია ეს არ იყო ისეთი მუხანათური მინიშნება, როგორიც  არტემ არარატელმა იკადრა 1795 წლის 10 სექტემბერს კრწანისის მისადგომებთან (მეფე ერეკლეს მეზარბაზნეები არა ჰყავსო), მაგრამ მაინც მადლობელი ვარ ნინო ცხაკაიასი რომ ის მიკარნახა (უნებლიედ), რაც ყველაზე მეტად გამომადგა (და დღემდე მეხმარება) გოჩა აბაშიძის წინააღმდეგ. თუმცა ყველაზე მეტად ჩემგან დიდი მადლობა, რასაკვირველია, თვითონ გოჩა აბაშიძეს ეკუთვნის, რადგან ჭადრაკის თამაში ჩემთვის არა მხოლოდ ჩემი გონების საუკეთესო სავარჯიშოა, არამედ ერთგვარი ნარკოტიკიც, რომლის მიღებასაც არასოდეს მაკლებს და მამადლის ბატონი გოჩა აბაშიძე.

რაც შეეხება ქართლოს ხოტივარის ფილმს სახელწოდებით „სერენადა“. მგონი, ისედაც გასაგებია თუ რა აკავშირებს ამ შესანიშნავ კინომოთხრობას ამ ბლოგთან და მეც აღარ განვმარტავ...