ოლიმპიადის ისტორია
XX საუკუნე 20-იანი წლები
ოლიმპიადის დაბადება პირველი ოლიმპიადა არაოფიციალურ ხასიათს ატარებდა. 1924 წელს იყო მცდელობა, ჭადრაკი ოლიმპიურ თამაშებთან გაერთიანებულიყო, თუმცა შეიქმნა გარკვეული პრობლემები, რომელიც მოყვარული და პროფესიონალი მოჭადრაკეების ერთმანეთისგან განსხვავებას ეხებოდა. 1924 წელს ზაფხულის ოლიმპიური თამაშები პარიზში გაიმართა. სწორედ ამ დროს, პარიზშივე, ჩატარდა პირველი არაოფიციალური საჭადრაკო ოლიმპიადაც. 1924 წლის 20 ივლისს კი, არაოფიციალური ოლიმპიადის დახურვის დღეს, დაფუძნდა ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაცია (ფიდე). ეს ისტორიული დღე იქცა არა მარტო ფიდეს დაბადების, არამედ ჭადრაკის საერთაშორისო დღედ. ფიდემ პირველი ოფიციალური საჭადრაკო ოლიმპიადა 1927 წელს ლონდონში გამართა. პირველ საჭადრაკო ოლიმპიადაში 16 ქვეყანა მონაწილეობდა. მანამდე, 1926 წელს კიდევ ერთი არაოფიციალური ოლიმპიადა ბუდაპეშტში (უნგრეთი) გაიმართა, ხოლო 1928 წელს მე-2 ოფიციალურ საჭადრაკო ოლიმპიადას ჰააგამ (ნიდერლანდები) უმასპინძლა.
30-იანი წლები
30-იან წლებში საჭადრაკო ოლიმპიადას უმასპინძლეს: 1930 წელს ჰამბურგმა (გერმანია), 1931 წელს პრაღამ (ჩეხოსლოვაკია), 1933 წელს ფოლკესტონმა (დიდი ბრიტანეთი), 1935 წელს ვარშავამ (პოლონეთი), 1937 წელს სტოკჰოლმმა (შვედეთი), 1939 წელს ბუენოს აირესმა (არგენტინა). 1936 წელს კი მესამე არაოფიციალური ოლიმპიადა მიუნხენში (გერმანია) გაიმართა.
40-იანი წლები
ეს ეპოქა საჭადრაკო ოლიმპიადის ისტორიაში სტაგნაციას უკავშირდება. მეორე მსოფლიო ომმა გავლენა იქონია და ამ პერიოდში არც ერთი ოლიმპიადა არ გამართულა.
50-იანი წლები
1950 წელს, ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, მე-9 საჭადრაკო ოლიმპიადა დუბროვნიკში (იუგოსლავია) გაიმართა. ამავე დროს გადაწყდა, საჭადრაკო ოლიმპიადისთვის ორგანიზება ყოველ 2 წელიწადში გაეწიათ. მომდევნო წლებში ოლიმპიადას უმასპინძლა ჰელსინკმა (1952 წელი, ფინეთი), ამსტერდამმა (1954 წელი, ნიდერლანდები), მოსკოვმა (1956 წელი, საბჭოთა კავშირი), მიუნხენმა (1958 წელი, დასავლეთ გერმანია)
60-იანი წლები
60-იანი წლების ოლიმპიური ქრონიკა ასეთი იყო - 1960 წელი - ლეიფციგი (აღმოსავლეთ გერმანია), 1962 წელი - ვარნა (ბულგარეთი), 1964 წელი - თელ ავივი (ისრაელი), 1966 წელი - ჰავანა (კუბა), 1968 წელი - ლუგანო (შვეიცარია).
70-იანი წლები
XX საუკუნის 70-იანმა წლებმა კიდევ ხუთი (მე-19, მე-20, 21-ე, 22-ე და 23-ე) საჭადრაკო ოლიმპიადა მოიცვა. მასპინძელი ქალაქები იყო: სეგენი (დასავლეთ გერმანია -1970), სკოპიე (იუგოსლავია-1972), ნიცა (საფრანგეთი - 1974), ჰაიფა (ისრაელი- 1976) და ბუენოს აირესი (არგენტინა - 1978)
80-იანი წლები
80-იან წლებში საჭადრაკო ოლიმპიადას ორჯერ, 1984 და 1988 წლებში, უმასპინძლა სალონიკმა (საბერძნეთი), ხოლო 24-ე საჭადრაკო ოლიმპიადა ვალეტაში (მალტა, 1980), 25-ე საჭადრაკო ოლიმპიადა ლუკერნეში (შვეიცარია, 1982), 27-ე საჭადრაკო ოლიმპიადა დუბაიში (არაბთა გაერთიანებული საემირო) გაიმართა.
90-იანი წლები
1990 წელს ნოვი სადმა (იუგოსლავია) 29-ე საჭადრაკო ოლიმპიადას უმასპინძლა, 1992 წელს მოჭადრაკეები მანილას (ფილიპინები) ეწვივნენ, 1994 და 1998 წლებში მასპინძელი ქვეყანა რუსეთი აღმოჩნდა. 31-ე საჭადრაკო ოლიმპიადა მოსკოვში, ხოლო 33-ე საჭადრაკო ოლიმპიადა ელისტაში გაიმართა. 1996 წელს ოლიმპიადა ერევანში (სომხეთი) ჩატარდა.
2000-იანი წლები
როგორც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ აღიარებული ფედერაცია და მსოფლიო ანტი-დოპინგურ სააგენტოსთან (WADA) კონვენციის ხელმომწერი - ფიდე (ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაცია) იცავს დადგენილ წესებს, რაც ითვალისწინებს დოპინგის ტესტების ჩატარებას (ასეთი ტესტის ჩატარება აუცილებელია ისეთი მასშტაბის ღონისძიებების გამართვისას, როგორიცაა ოლიმპიადა). მსგავსი ტესტები პირველად 2002 წელს გამოიყენეს, რამაც ხმაური და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. სტამბული (თურქეთი, 2000), ბლედი (სლოვენია, 2002), კალვია (ესპანეთი - 2004), ტურინი (იტალია - 2006), დრეზდენი (გერმანია - 2008) - ეს იმ ქალაქების ჩამონათვალია, რომელთაც XXI საუკუნის პირველი ათწლეულის ოლიმპიადებს უმასპინძლეს.
10-იანი წლები
2010 წლის ოლიმპიადას რუსეთმა (ხანტი-მანსისკი) უმასპინძლა, შემდეგი იყო თურქეთი (სტამბული, 2012), რომელსაც ნორვეგია (ტრომსო, 2014), მოყვა. 42-ე საჭადრაკო ოლიმპიადა კი ბაქოში (აზერბაიჯანი) 2016 წელს გაიმართა.
2018 წელი
43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა ბათუმი, საქართველო 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადას საქართველო მასპინძლობს. ეს მასშტაბური ღონისძიება სტარტს 23 სექტემბერს ბათუმში აიღებს. თუ პირველი ოლიმპიადის მონაწილე 16 ქვეყანა იყო, 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა 190-მდე ქვეყნის ქალთა და ვაჟთა გუნდების მოლოდინშია.