ამინდი და სეზონურობა
გაზაფხული

თბილი და სასიამოვნოა გაზაფხული აჭარაში, ახლადაყვავებული მაგნოლიების სურნელითა და კამელიებით. დაცული ტერიტორიების, ფრინველებზე დაკვირვებისა და სოფლად ტურიზმის მიმართულებით აჭარა გაზაფხულის სეზონზე მართლაც რომ გამორჩეულია. სოფლად ტურიზმის მოყვარელებისათვის შესაძლებელია ჰაიკინგის, კემპინგის, კლდეზე ცოცვის, ღვინის დაყენების და არყის გამოხდის შესწავლა, სამკურნალო და მინერალური წყლების დაგემოვნება და ასე შემდეგ.

ზაფხული

ზაფხულში აჭარა უამრავ დამსვენებელს იზიდავს ცხელი ამინდებით და შავი ზღვის მრავალფეროვანი პლაჟით. ამ პერიოდში აჭარა ივსება როგორც უცხოელი, ისე საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩასული ტურისტებით. აჭარის ადმინისტრაციული ცენტრი - ბათუმის სანაპირო ზოლი, ისევე როგორ საკურორტო ზონები - კვარიათი, სარფი, ჩაქვი და ქობულეთი - ცხელ სეზონზე სხვადასხვა გასართობი და ტურისტული ობიეტის სიმრავლით გამოირჩევა.

შემოდგომა

აჭარაში სტუმრობისთვის შემოდგომა ერთ-ერთი საუკეთესო სეზონია. მზიანი ამინდები გვიან შემოდგომამდე გრძელდება და ამ პერიოდს ხშირად „ხავერდოვან სეზონად“ მოიხსენიებენ. ზღვაზე დასვენებასთან ერთად შემოდგომა საუკეთესოა სოფლად დასვენებისა და ღვინის ტურიზმისათვის. შემოდგომაზე მთიან აჭარაში რთველი იმართება, სადაც ვაზის დაკრეფასა და ღვინის დაყენებაში მონაწილეობის მიღებაა შესაძლებელი.

ზამთარი

საქართველოს სამხრეთ-დასავლეთში მდებარე აჭარის რეგიონს, გარდა საზღვაო კურორტისა, სამთო-სათხილამურო კურორტის დიდი პოტენციალი გააჩნია.ზამთარში შეგიძლიათ ეწვიოთ კურორტ გომარდულსა და გოდერძს. მოთხილამურეთათვის არის სათხილამურო ტრასა და ფუნქციონირებს საბაგირო გზა. აქვე შესაძლებელია თხილამურებისა და სპეცტანსაცმლის ქირაობა. ამჟამად ზემოთხსენებულ კურორტებზე რამდენიმე საოჯახო ტიპის სასტუმროა.