ბათუმის რომანტიკული ადგილები
პანორამული ბორბალი

ალბათ ათობით ჰოლივუდური სცენის გახსენება შეიძლება, სადაც პანორამული ბორბლის უმაღლეს წერტილში აღმოჩენილი წყვილი ტკბება ხედით და ერთმანეთით. თუ გინდათ, ეს სცენა გაიმეოროთ და თავი ფილმის ნამდვილ გმირად იგრძნოთ, ბათუმში ამის შესაძლებლობა ნამდვილად გაქვთ.

ალი და ნინოს სკულპტურა

ყურბან საიდის პოპულარული რომანის გმირები - ალი და ნინო - მარადიულ სიყვარულს განასახიერებენ. მათი ისტორია შესანიშნავადაა გადმოცემული მოძრავ ძეგლში - შეყვარებულები ნელ-ნელა მიემართებიან ერთმანეთისაკენ და ხანმოკლე შეხვედრის შემდეგ ისევ შორდებიან. ალისა და ნინოს ხანმოკლე პაემნები ნამდვილად არ დატოვებს გულგრილს.

ბათუმის ბოტანიკური ბაღი

სასიამოვნო გასეირნებისთვის რომანტიული გარემოს ძიებაში არ გამორგჩეთ ბათუმის ბოტანიკური ბაღი. ზღვისა და მთების ულამაზესი ხედები და აჭარის ფლორა მთელი თავისი მრავალფეროვნებით წელიწადის ნებისმიერ დროს შეგიქმნით სასიამოვნო განწყობას.

საბაგირო გზა „არგო“

2586 მეტრი სიგრძის საბაგირო გზის გავლისას თქვენს თვალწინ ულამაზესი ხედები გადაიშლება - შორეული ზღვის ჰორიზონტი, მთების ფონი, ბათუმის ურბანული ხედები. უმაღლეს წერტილში კი შეგიძლიათ საყვარელ ადამიანთან ერთად ბათუმის პანორამული ხედით დატკბეთ, რომელიც განსაკუთრებით ლამაზი ღამის საათებშია.

ოცნების სვეტი

ლიტველი და ქართველი არტისტების ერთობლივი ნამუშევარი შეგიძლიათ ახალ ბულვარში შეაფასოთ. პატარა ლაბირინთი, რომლის ცენტრშიც „ოცნების სვეტთან“ სურვილი უნდა ჩაიფიქროთ ავტორებმა ყველა მეოცნებეს მიუძღვნეს. სწორედ ასეთი პატარა დეტალები გახდის თქვენს რომანტიულ მოგზაურობას დაუვიწყარს.

ბათუმის სანაპირო

თუ გადაწყვეტთ და ბათუმს საყვარელ ადამიანთან ერთად ეწვევით, რომანტიული გარემოს შესაქმნელად დიდი ძალისხმევა არ დაგჭირდებათ. შეგიძლიათ უბრალოდ გაისეირნოთ სანაპიროზე, უსმინოთ ზღვის ხმაურს და ერთად შეხვდეთ მზის ჩასვლას.

ნურიგელის ტბა

თუ გინდათ, მოსწყდეთ ურბანულ გარემოს და დღე მთლიანად საყვარელ ადამიანს მიუძღვნათ, შეგიძლიათ ნურის ტბას ეწვიოთ. რომანტიული გასეირნება ნავით მშვიდ ატმოსფეროში იდეალური სიტუაციაა თქვენს მეორე ნახევართან განმარტოებისთვის.

მოცეკვავე შადრევანი

ღამის ბათუმი ბევრ სასიამოვნო სიურპრიზსს გიმზადებთ - ერთ-ერთი მათგანი შადრევანია, რომელიც საღამოს საათებში თეატრალურ ფარდად გარდაიქმნება. შეგიძლიათ საყვარელ ადამიანთან ერთად დატკბეთ ცნობილი კომპოზიციების ფონზე წარმართული ლაზერული შოუთი.