გადაადგილება რეგიონის შიგნით
პარკირების წესები

პარკირების საფასურის გადახდის შემდეგ შეგიძლიათ გააჩეროთ ავტომობილი ბათუმის ტერიტორიაზე, პარკირების ნებისმიერ ადგილას 24 საათის განმავლობაში. პარკირების საფასურის გადახდა შესაძლებელია ბანკებში, სწრაფი გადახდის აპარატებში ან ონლაინ სისტემების გამოყენებით. გადახდისას საჭიროა მიუთითოთ ავტომობილის სახელმწიფო სერია და ნომერი.

მანქანის დაქირავება

დაახლოებითი ფასი 1 დღით შეადგენს 50-60$, საკონტაქტო ინფორმაცია სატრანსპორტო კომპანიების შესახებ შეგიძლიათ მიიღოთ ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში.

გადაადგილება ტაქსით

ბათუმში ფუნქციონირებს 2 ტიპის ტაქსი. ოფიციალური ტაქსის კომპანიები (ტაქსომეტრით), მგზავრობის დაახლოებითი ღირებულება 1 კილომეტრზე 50-60 თეთრი, და კერძო ტექსები - რომლებთანაც ფასზე შეთანხმება (რეკომენდირებულია წინასწარ) და თანხის გადახდა უშუალოდ მძღოლთან ხდება.

 

ფასები:

  • მგზავრობის საშუალო ფასი: 1 კმ - 0,90 ლარი.
  • გამოძახების საშუალო საფასური: 0,5 ლარი.

 

პოპულარული მიმართულებები:

  • ბათუმის აეროპორტი-ქალაქის ცენტრი - 15 ლარი
  • ბათუმის აეროპორტი-სასტუმრო შერეტონი / რედისონი / ჰილტონი / ინტურისტ პალასი - 15 ლარი
  • ბათუმის აეროპორტი-გონიო - 20 ლარი
  • ბათუმის აეროპორტი-კვარიათი - 20 ლარი
  • ბათუმის აეროპორტი-სარფი - 25 ლარი
საზოგადოებრივი ტრანსპორტი

ავტობუსი (ყვითელი, ნაცრისფერი): ასვლისთანავე აუცილებელია ბილეთის შეძენა (ღირებულება - 80 თეთრი, 2 ბილეთი) და გატარება საკონტროლო აპარატში. ბილეთის შეძენა შესაძლებელია მძღოლთან ან საგაზეთო ჯიხურებში. უბილეთოდ მგზავრობა ჯარიმდება.

მიკროავტობუსი ეგრეთ წოდებული მარშრუტკა - ქალაქის ფარგლებში მგზავრობის საფასური შეადგენს 40 თეთრს, გადახდა ხდება მძღოლთან, მიკროავტობუსიდან ჩასვლისას.

ბათუმველო

ქალაქის დათვალერების საუკეთესო საშუალებაა ველოტრანსპორტი. ბათუმველოთი სარგებლობისათვის შეგიძლიათ აირჩიოთ სხვადასხვა ხანგრძლივობისა და ფასის პაკეტები. ველოტერმინალები განთავსებულია ქალაქ ბათუმის ზღვისპირა ზოლსა და ცენტრალურ ადგილებში, ბათუმველოს ბარათის შესაძენად საჭიროა პირადობის მოწმობა. ველოსიპედით 1 საათით სარგებლობა შეადგენს 2 ლარს.

 

ბათუმველოს ბარათის სახეობები და ტარიფები:

  • 1 დღიანი პაკეტის ღირებულება შეადგენს 4 ლარს
  • ათდღიანი: 10 ლარი ( 4 ლარი ბარათის ღირებულება, 6 ლარი ირიცხება ანგარიშზე);

 ერთ წლიანი: 20 ლარი (10 ლარი ბარათის ღირებულება, 10 ლარი ირიცხება ანგარიშზე).

საბაგირო გზა „არგო“

საბაგირო გზა ბათუმის ცენტრს ანურიის მთასთან (250მ) აკავშირებს, საიდანაც იშლება ქალაქის, შავი ზღვისა და გარშემო მთების ულამაზესი ხედები. გზის სიგრძე 2 586 მეტრია, მასზე მუდმივად მოძრაობს 8 ადგილიანი 9 გონდოლა 5მ/წმ. სიჩქარით. ერთი მიმართულებით გზის დაფარვა შესაძლებელია 10 წუთში, მგზავრობის ფასი შეადგენს 15 ლარს.

აეროპორტი

მდებარეობს ქალაქის ცენტიდან 7 კილომეტრში. აეროპორტში განლაგებულია კვების ობიექტები, სუვენირების მაღაზიები, ასევე ბანკები და ბანკომატები, სადაც შეძლებთ თანხის დახურდავებას ან განაღდებას.

აეროპორტიდან ბათუმში ან ბათუმიდან აეროპორტში მისვლას შეძლებთ:

1. საზოგადოებრივი ტრანსპორტით - ავტობუსი #10. ავტობუსში ასვლისთანავე აუცილებელია ბილეთის შეძენა (ღირებულება შეადგენს 80 თეთრს) და გატარება ბილეთის სპეციალურ საკონტროლო აპარატში.

2. ტაქსით - კერძო ტაქსები, ძირითადად, მუშაობენ ტაქსომეტრის გარეშე. საშუალო ღირებულება 10-15 ლარი. ტაქსომეტრით მუშაობენ ტაქსის ოფიციალური კომპანიები.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან ქობულეთში (ბათუმიდან 25 კმ) ჩასვლას შეძლებთ ტაქსით, ტრანსპორტირების დაახლოებითი ღირებულება შეადგენს 40 ლარს.

პორტი

მდებარეობს ქალაქის ცენტრში. ამჟამად ბათუმის პორტიდან სრულდება რეისიები სოჭის და ილიჩოვსკის მიმართულებით.

ექსპრეს ბათუმი - ჩქაროსნული კატერი, რომელიც ასრულებს რეისებს სოჭი - ბათუმი, კვირაში ორჯერ. მგზავრობის ხანგრძლივობა 6 საათი. ბილეთის ღირებულება 250 ლარი.

საბორნე გემები ასრულებენ რეისებს ილიჩოვსკი-ბათუმი. მგზავრობის ხანგრძლივობა - 2 დღე-ღამე, ბილეთის ღირებულება დაახლოებით 400 ლარი.

ავტო და რკინიგზის სადგურები

ბათუმში ორი ავტოსადგურია, ორივე მდებარეობს ქალაქის ცენტრში. მათგან სრულდება რეისები აჭარის, საქართველოს და მეზობელი ქვეყნების მიმართულებით. ბათუმის ახალი რკინიგზის სადგური - „ბათუმი ცენტრალი“ მდებარეობს ქალაქის ცენტრიდან 4 კილომეტრში „თამარის დასახლებაში“ (ეგრეთ  წოდებული ბენზე).