ყველაზე გემრიელი აჭარული კერძები
აჩმა

აჩმა ხაჭაპურის ერთ-ერთი ინტერპრეტაციაა. მისი მომზადების ტექნოლოგია საკმაოდ განსხვავებულია კლასიკური ხაჭაპურისგან: იგი თხელი ფენებისაგან შედგება, რომლებშიც ჩამდნარი ყველი და კარაქი ერთდროულად ნოყიერი და ჰაეროვანია. აჩმა აჭარული კულინარიის შესანიშნავი ნიმუშია და მისი მირთმევა ნამდვილი სიამოვნებაა.

იახნი

იახნის მოყვარულებს აჭარის ყველა რაიონში შეხვდებით, მაგრამ ეს კერძი განსაკუთრებით პოპულარულია ქობულეთში. მას საქონლის მკერდის ნაჭრისგან ამზადებენ. იახნის დასამზადებლად იყენებენ სანელებლების ბევრ ნაირსახეობას, რაც კერძს განსაკუთრებულ გემოს სძენს. იახნი ქობულეთური სუფრის განუყოფელი ნაწილია და მის დამზადებას მხოლოდ გამოცდილ მზარეულებს ანდობენ.

ყავა ქვიშაზე და ბაქლავა

ყავა ქვიშაზე, იგივე „ყავა ბათუმურად“ ჩვენ ქალაქს განსაკუთრებულ კოლორიტს სძენს. ყავის ცხელ ქვიშაზე მოდუღებისას აუცილებელია ქვიშის სასურველი ტემპერატურის დაცვა. ქვიშაზე მომზადებული ყავა შესანიშნავი დესერტია, განსაკუთრებით მაშინ, როცა მას ზღვის პირას მიირთმევთ. ამბობენ, ბათუმში მორთმეულ ყავას სულ სხვა სურნელი და ხიბლი აქვსო.

ბაქლავა დესერტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე რთული მომზადების წესით გამოირჩევა. ლანგარზე გადაჭიმულ სამოცზე მეტ სიფრიფანა ცომის ფენას სათითაოდ აწყობენ ერთმანეთზე წვრილად დაფქვულ თხილთან ან ნიგოზთან ერთად. ფენებს შორის ამატებენ ასევე ერბოს. არანაკლებ მნიშვნელოვანია ბაქლავის მოსამზადებლად ცხობის პროცესიც. ღუმელიდან გადმოღებულ, რომბისებურად დაჭრილ ტკბილეულს უხვად ასხამენ სიროფს, როცა კარგად გაუჯდება სიტკბო, მაშინ უკვე ბაქლავაც მზადაა და შეგიძლიათ დააგემოვნოთ.

აჭარული ღვინო

აჭარაში მევენახეობის ისტორიეულ კერად მიჩნეულია ქედის მუნიციპალიტეტი, რომელიც ბათუმიდან 43 კმ-ში მდებარეობს. აჭარაში ყველაზე პოპულარული ღვინის სახეობებია ცოლიკაური (თეთრი) და ჩხავერი (ვარდისფერი).

აჭარული ხაჭაპური

აჭარული ხაჭაპური გამოირჩევა როგორც ორიგინალური ფორმით, ისე განსაკუთრებული გემოთი. თუ კლასიკურ ხაჭაპურს სხვა კერძებთან ერთად აგემოვნებენ, აჭარულ ხაჭაპურს როგორც მეტად ნოყიერ კერძს ცალკე შეექცევიან დილის საუზმის ან სადილის დროს. აჭარული ხაჭაპურის შექმნის არაერთი ვერსია არსებობს. ზღვისპირას მცხოვრებ ლაზებს ცომისთვის ნავის ფორმა მიუციათ, კვერცხის გული კი თითქოს ზღვაში ჩამავალ მზეს განასახიერებს. მზე და ზღვა კულინარიაში ასე გემრიელად არავის დაუკავშირებია ერთმანეთთან.